შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობაზე.
"აღნიშნული ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ..
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - იტყობინება შსს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პარლამენტი ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. საკითხზე ერთპარტიული პარლამენტი მსჯელობას ხვალ განაგრძობს.