მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს განმარტებით, 112-ის მოსაკრებლის ზრდა კონსტიტუციას შეესაბამება

5e0a30b1a9fc2
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.19 20:50
2554
დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ძალაში 2019 წლის 31 დეკემბერს შევა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული აბონენტები 112-ის საფასურის სახით, თვეში 40 თეთრს გადაიხდიან. ეს ფიზიკური პირების შემთხვევაში ორჯერ მეტია იმ მოსაკრებელზე (20 თეთრზე), რომელიც ამჟამად არის გათვალისწინებული. იურიდიული პირებისთვის კი ახალი ტარიფი, მათთვის დღეს მოქმედ 50 თეთრთან შედარებით, 10 თეთრით ნაკლებია. 

მთავრობის დადგენილებაში წერია:

"მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი 

"2. საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს: 

ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებისთვის) – 0.40 ლარს (დღგ-ის ჩათვლით); 

ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებისთვის) – 0.40 ლარს (დღგ-ის ჩათვლით)"- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2019 წლის 5 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს მეორე კოლეგიამ იურისტ ლევან ალაფიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე (სარჩელი 1279) მიიღო. 

შსს განმარტავს, იმას რომ აღნიშნული ცვლილებები სწორედ კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის გაკეთდა:

"სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურის ცვლილება განაპირობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებამ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. კანონით განისაზღვრა მომსახურების საფასურის ზედა და ქვედა ზღვარი, კერძოდ, 0.20 ლარიდან 0.50 ლარამდე საფასური. ზუსტი ოდენობა, კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში კი დადგინდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კერძოდ, 2019 წლის 30 დეკემბერს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თანაბარი საფასური - 40 თეთრის ოდენობით. 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებული საფასურის დადგენა. 2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რეგულაციით „112“-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირისთვის განისაზღვრებოდა 0.20 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის – 0.50 ლარის ოდენობით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული დიფერენცირება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არღვევს თანასწორობის პრინციპს, რამდენადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „112“-ის მომსახურების მიღებაზე აქვთ თანაბარი ინტერესი,"- ნათქვამია შსს-ს განმარტებაში. 

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებული დადგენილება და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც აღნიშნული დადგენილება იქნა მიღებული, კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით შესწავლას საჭიროებს.

"ახლადმიღებულ კანონსაც და დადგენილებასაც შევისწავლით როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ასევე კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად მკაფიოდ მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული სერვისისთვის გადაიხდევინება მოსაკრებელი. კონსტიტუციით პარლამენტს სწორედ და მხოლოდ გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ორივე მათგანის მიმღები ბიუჯეტია. კონსტიტუციით სახელმწიფოს, სხვა გადასახდელის, რომელიც ბიუჯეტში არ მიემართება, დაწესების უფლება არ აქვს. სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი და მთავრობა საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობენ მოირგონ კონსტიტუცია. 112-ის საფასურის გარდა, კიდევ აქვს პარლამენტს მიღებული ასეთივე გადაწყვეტილება თბილისში ტაქსებთან მიმართებაში. ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში პირდაპირ ასეთი რამ ჩაწერეს: ტაქსის ნებართვის მიღებისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. თუმცა იქვე, იმავე პუნქტში ჩაწერეს, რომ ნებართვის მისაღებად მძღოლი იხდის საფასურსო. სამწუხაროა, რომ ჩვენი პარლამენტარები საუბრობენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, სამართლიანი სახელმწიფოსა და კანონიერების პრინციპებზე, თუმცა საქმით საპირისპიროს აკეთებენ. პარლამენტი იქცა არათუ მთავრობის, არამედ მუნიციპალიტეტის ქვემდებარე, შემსრულებლად", - BMG-სთან საუაბარში ამბობს ლევან ალაფიშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები