აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ჟურნალისტებთან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 16 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები ზეპროფესიონალურად მუშაობდნენ და საქართველოს შეუძლია, ევროპას ასწავლოს, როგორ გამოიყენოს პროპორციული ძალა.
“რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების მხრიდან წამოსულ აგრესიას, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს შესაბამისი ძალები მოქმედებდნენ ზეპროფესიონალურად და, ამ მიმართულებით, შეიძლება, ევროპელებსაც ძალიან ბევრი რამ ვასწავლოთ, თუ როგორ გავცეთ პასუხი აგრესიაზე და ზღვარგადასულ ბულინგზე.
აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ყველას ვასწავლით, რომ პროპორციული ძალის ფარგლებში ხდება შესაბამისი უწყებების მოქმედება. ამ ხელისუფლების პირობებში, სამართალდამცველები მოქმედებენ ზეპროფესიონალურად. დაზიანდნენ სამართალდამცველებიც, მაქსიმალური მხარდაჭერა მათ”, - ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტთან, “რუსული კანონის” I მოსმენის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციას ატარებდა. აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის, რა დროსაც შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ხელკეტები.
შსს ინფორმაციით, 15-16 აპრილის აქციებზე 32 ადამიანი დააკავეს. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიიცირა კანონპროექტი, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.