მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს შეეძლება შევიდეს სახლში და ნებისმიერ კერძო საკუთრებაში „უკანონო მიგრანტის აღმოჩენისთვის“ - კანონპროექტი

პოლიცია

"ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით გეგმავს ცვლილებების მიღებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში. ცვლილებებს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე განიხილავს და მათ მიღებას 2 ივლისს გეგმავს.

კანონპროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ გარემოებებში უფლებამოსილი იქნება, უცხოელების საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, ასევე სხვა ტიპის კერძო საკუთრება შეამოწმოს.

კანონპროექტში ახალი მუხლის დამატება იგეგმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნებით საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო მფლობელობის შემოწმების მექანიზმებს განსაზღვრავს.

შესაბამისად, შსს-ს შეეძლება:

  • მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდეს საცხოვრებელში, სამუშაო ადგილზე ან სხვა კერძო საკუთრებაში;
  • თანამესაკუთრის, თანამფლობელის ან დამსაქმებლის თანხმობის შემთხვევაში კი — შემოწმება განახორციელოს მოსამართლის განჩინების გარეშე.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს შსს-ს უფლებას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (მაგალითად, როცა არსებობს პირის მიმალვის ან მტკიცებულების განადგურების რისკი), დაუყოვნებლად დაიწყოს შემოწმება და შემდეგ, 24 საათის ვადაში, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.

ამგვარი შემოწმებისას შსს-ს ექნება უფლება:

  • პირის იდენტიფიცირების, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების;
  • კანონით გათვალისწინებულ სხვა პრევენციული და იძულებითი ღონისძიებების გატარების.

პროექტის თანახმად, შსს-ს მოუწევს, მოსამართლისადმი წარდგენილ შუამდგომლობაში დაასაბუთოს, რატომ იყო კონკრეტულ შემთხვევაში გადაუდებელი შემოწმება აუცილებელი.

ცვლილებები კანონში მიღებისთანავე ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები