მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

შტატებში მასობრივი არეულობების გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპმა შესაძლოა, არმია გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მინეაპოლისში დაკავების დროს დაღუპული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გამო ატეხილი არეულობა გაგრძელდება, ის სამხედრო ძალებს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისი თქმით, თუ შტატები და ქალაქები ვერ მოახერხებენ თავად გაუმკლავდნენ საპროტესტო აქციებს და დაიცვან მოქალაქეები, ის არმიას გაგზავნის, რათა პრობლემა სწრაფად გადაჭრან.

"ყველა ამერიკელი სამართლიანად აღაშფოთა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ, მაგრამ მისი ხსოვნა ვერ უნდა გადაფაროს განრისხებულმა ბრბომ. ათასობით მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ვგზავნი, სამხედრო პირებს და სამართალდამცველებს, რათა არეულობა, ქურდობა, ვანდალიზმი, თავდასხმები და კერძო საკუთრების განადგურება შეაჩერონ. თუ ქალაქები და შტატები უარს იტყვიან საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მე გავგზავნი აშშ-ის არმიას, რათა პრობლემა სწრაფად გადაჭრან," - თქვა მან.

დონალდ ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ისაუბრა. 

აშშ-ის ათობით შტატსა და ქალაქში საპროტესტო აქციები მეშვიდე დღეა გრძელდება. მშვიდობიანი აქციები, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა ავტომობილები და შენობები გადაწვეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

30 მაისს მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალი მკვლელობისთვის უკვე წარუდგინეს.

BBC-ის ცნობით, აქციების გამო აშშ-ის 15 შტატში და ასევე, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. სულ შტატებში ეროვნული გვარდიის 5,000-მდე წევრი გაიგზავნა. 40-მდე ქალაქში "კომენდანტის საათია" გამოცხადებული. ზოგიერთ ქალაქში მისი გახანგრძლივება 8 ივნისამდე სურთ.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები