რუსეთ - უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველომ ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში $3 მილიარდ 162 მლნ.-ის ავტომობილების იმპორტი შესრულდა, რაც წლიურად 84.5%-იანი ზრდაა, ავტომობილების 42% საქართველომ აშშ-დან შემოიყვანა. ამასთან, უფრო მკვეთრად 135%-ით გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი. სულ საექსპორტო ბაზრებზე 2 მლრდ 127 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა და საექსპორტო ბაზრების მთელი სტრუქტურა შეცვალა. ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია - 617.9 მლნ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 519.8 მლნ დოლარით, მესამეზე აზერბაიჯანი - 437.2 მლნ დოლარით. ხუთეულში შედის სომხეთი - 298.5 მლნ და რუსეთი - 67.133 მლნ დოლარით.
კავკასიის ავტოიმპორტის მარკეტინგის მენეჯერის, კახა ლომიძის განცხადებით, მოთხოვნის ზრდის მიზეზი პანდემიისა და უკრაინის ომის შედეგად დაგროვებული მოთხოვნაა. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, ავტომობილების გაყიდვის ზრდა წელსაც მოსალოდნელია.
"შუა აზიის ქვეყნების მხრიდან ავტომობილებზე მოთხოვნა ერთპიროვნულად გაიზარდა. ეს გამოწვეულია პანდემიის შემდეგ, ომის შემდეგ დაგროვებული მოთხოვნით. ამან უზრუნველყო ის, რომ ცნობადობა გაიზარდა და ჩვენი ბაზარი მათთვის საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მოსახერხებელია, ნაკლები ბიუროკრატიაა. ვფიქრობ, 2024-ს მინიმუმ იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება ან გაიზრდება. ავტომობილების რეექსპორტი რაოდენობრივადაც გაზრდილია, დაახლოებით 35%-ით", - განაცხადა მან.
- მაღალი მოთხოვნა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რამდენადაა ერთმანეთთან კავშირში?
"შემიძლია გითხრათ, რომ დსთ-ს ქვეყნებს შორის შიდა ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, ლოგიკურია და აზრს არაა მოკლებული, რომ რუსეთის მხრიდან ყაზახეთის ბაზარზე მოთხოვნა დიდია. ყაზახეთის ბაზარი კი ჩვენგან მნიშვნელოვნად მარაგდება", - განაცხადა კახა ლომიძემ.