მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომფლობელებისთვის შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდეს

63e39c07450f3
მარიამ დემეტრაშვილი
08.02.23 16:56
665
ავტომობილის მფლობელებისთვის შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდეს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

მთავრობის კანონშემოქმედებით საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში ნათქვამია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს.

„სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიები ავტომობილების კატეგორიებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით. კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ლიმიტებს წლის განმავლობაში მესამე პირის როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე, ისე ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე.

ამ სისტემის ფარგლებში, საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის გარანტირებულია სათანადო კომპენსაცია კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, - ნათქვამია მთავრობის სამოქმედო გეგმაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფა იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში დაზღვევის შეძენა დაევალებათ.


„საუბარია დამატებით 100 მლნ-ის ბაზარზე“ - რას მოუტანს სექტორს სავალდებულო დაზღვევის შემოღება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები