ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტის გივი თხელიძის შეფასებით, ტვირთნაკადის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, საქართველომ მხოლოდ გეოპოლიტიკური იღბლის იმედად არ უნდა იმოქმედოს და აქცენტი მომსახურების ხარისხსა და ინფრასტრუქტურაზე უნდა გადაიტანოს.
ირანში ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტესა და ირანის პორტ ბანდარ-აბასთან დაკავშირებული პრობლემები ტვირთნაკადის ნაწილს შუა დერეფნისკენ ამისამართებს. რამდენად მზად არის ქართული ლოგისტიკური სექტორი გაზრდილი მოთხოვნისთვის - ამ თემაზე გივი თხელიძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების მატება მოსალოდნელია, საქართველო კონკურენტულ გარემოშია. თუ ქართული მხარე ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან მომსახურებას, ტვირთები შესაძლოა სხვა მარშრუტებზე, მაგალითად, ჩინეთის მიმართულებით გადამისამართდეს.
"შუა დერეფანი, რა თქმა უნდა, ელოდება ტვირთნაკადის მატებას. ბანდარ-აბასის პორტი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განსასაზღვრად, თუ რა ტვირთი შეიძლება გადმომისამართდეს ჩვენს დერეფანზე. შესაბამისად, ამ ტვირთნაკადისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რადგანაც არის ალტერნატიული მარშრუტებიც, თუ არ იქნება, საქართველო, შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩინეთი. თუ ეს ტვირთი წამოვიდა ჩვენთან, ჩვენც კარგად მოვემსახურეთ, კარგად გადავზიდეთ, რა თქმა უნდა, ის დარჩება ჩვენთან. თუ ასე არ მოხდა, ეს ჩვენი ბრალი იქნება და სხვას ვერავის დავაბრალებთ.
ბანდარ-აბასიდან გადმომისამართებული ტვირთი, რა თქმა უნდა, ცოტათი უფრო გაძვირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავახვედროთ განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც სამწუხაროდ დღესდღეობით არ გვაქვს... გვაქვს, მაგრამ გვინდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი", - ამბობს გივი თხელიძე.
ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ის ეთერში ხაზი გაუსვა, ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება იწვევს საწვავის გაძვირებას, რაც ჯაჭვურად ზრდის გადაზიდვის ტარიფებს შუა დერეფანშიც.
"რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტეში გაჩენილი პრობლემები გამოიწვევს საწვავის ფასის ზრდასაც და შესაბამისად შუა დერეფანში მოიმატებს გადაზიდვის ტარიფიც და ტვირთნაკადიც. ეს არის ძალიან დიდი დაბრკოლება, მაგრამ აუცილებლად უნდა ავუბათ ფეხი. უნდა შევძლოთ, რომ რაღაცნაირად დავიჭიროთ ფასიც, იმიტომ რომ დროშიც გაიზრდება გადაზიდვა, სანამ კონტეინერი ჩვენამდე ჩამოვა, მსოფლიოში ასეთი ამბებია, ამის დროც გაიწელება. შესაბამისად, კლიენტისთვის დრო პირდაპირ ფულია. თუ ჩვენ კიდევ დავახვედრეთ გაზრდილი ტარიფები, რაც ალბათ გარდაუვალი იქნება, რაღაცა სხვა უპირატესობები უნდა შევთავაზოთ", - ამბობს ის.
შუა დერეფნის მთავარ უპირატესობად დღეს უსაფრთხოება და სტაბილურობა სახელდება, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გეოპოლიტიკური უპირატესობით სარგებლობა მხოლოდ დროებითი ეფექტის მომტანი იქნება, თუ ქვეყანა კონკურენტუნარიან სერვისს ვერ შექმნის. გივი თხელიძე ხაზს უსვამს, რომ ტვირთების მატება სხვა დერეფნების პრობლემებითაა განპირობებული და საქართველოს მიზანი ამ ტვირთების ხარისხიანი მომსახურებით შენარჩუნება უნდა იყოს.
"შუა დერეფანი გამოირჩევა თავისი უსაფრთხოებით და სტაბილურობით. მაგრამ აქვს თავისი მეორე მხარეც. რადგან ბევრ ქვეყანასა და კასპიის ზღვას მოიცავს, რიგ შემთხვევებში უფრო მეტ ბარიერს ვაწყდებით: ნებისმიერი პატარა რეზონანსი, თუ რაიმე პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში, ყველა დამოკიდებული მხარისთვის პრობლემად იქცევა.
დღეს უკვე ვხედავთ, რომ ტვირთი მატულობს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ მოიმატებს. მაგრამ ეს ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან. შესაბამისად, ჩვენი მცდელობა ის კი არ უნდა იყოს, რომ, ტვირთს სხვა გზა არ აქვს და ჩვენს დერეფანზე გამოივლის, ჩვენ ეს ტვირთი უნდა შევინარჩუნოთ; ჩვენი კონკურენტუნარიანობის გამო უნდა აგვირჩიონ. შესაბამისად, ყველა ჩართული უნდა იყოს ამ საქმეში. დღეს, როგორც ჩანს, ჩვენ არ ვართ საკმარისად მომზადებული, მაგრამ რა თქმა უნდა იმედს არ ვიკარგავთ, რომ ჩართულ ქვეყნების თანამშრომლობით, ეს ყველაფერი შესაძლებელია", - ამბობს ის.
შუა დერეფანში საქართველოს როლის ზრდის პოტენცლიასა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას გივი თხელიძემ აღნიშნა, რომ ტვირთბრუნვის დაჩქარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა მეზობელ აზერბაიჯანთან საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია და ერთობლივი გამშვები პუნქტების შექმნაა, რაც ტვირთის დაყოვნების დროს მინიმუმამდე შეამცირებს.
"ინფრასტრუქტურული განვითარებაა საჭირო, მაგრამ ეს დროში გაწელილი პროცესია და დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს, რომელიც შეიძლება, არ გვქონდეს. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთი საბაჟო ზონის გაკეთება, რაზე ლაპარაკიც დიდი ხანია მიმდინარეობს და ექსპედიტორები ამასაც ძალიან დიდად ვგულშემატკივრობთ. ერთიანი საბაჟო ზონის შემთხვევაში, აღარ იქნება საჭირო, ავტომობილი, კონტეინერი თუ სხვა ტრანსპორტი მიადგეს საქართველოს საზღვარს, ჯერ გაიაროს საქართველო, შემდგომ - აზერბაიჯანი. აქ შეიძლება იყოს ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტი", - ამბობს გივი თხელიძე.




























