მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის $6.5 მლრდ-ის პროექტებს ვახორციელებთ" - გაიდარ აბდიკერიმოვი

შუა დერეფანი

ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის ასოციაცია 6.5 მილიარდი დოლარის პროექტებს ახორციელებს, რაც შუა დერეფანში შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრისკენაა მიმართული. ამის შესახებ BMG-ის ბაქოს ოფისთან ინტერვიუში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა ისაუბრა.

მისივე თქმით, ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოავლინა ყველა დაბრკოლების ერთგვარი რუკა გაკეთებულიყო, რაზეც შემდეგ მათ რეაგირება უნდა დაეგეგმათ.

“არსებობს დოკუმენტი, რომელიც ჩვენი დერეფნის ოთხი წამყვანი ქვეყნის მიერ 2022 წელს, აქტაუში გაფორმდა. ეს სახელმწიფოები - ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან. ღონისძიებას ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის რვა მინისტრი, რომელთაც დერეფანში არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაწყვეტის ყოველისმომცველი შეთანხმება გააფორმეს. როგორც იცით, 2022 წლის ზაფხულში ჩვენი დერეფანი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეს ერთმომენტიანი პრობლემაა, რომელიც სხვა მარშრუტებიდან ჩვენთან ტვირთების გადამისამართებას გულისხმობს. იმ დროს სათანადო კოორდინაცია ვერ მოვახერხეთ და ვერ გავატარეთ ის ნაკადი, რომელსაც ჩვენს დერეფანში გავლა შეეძლოთ. დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი პრობლემების გადაჭრაზე სახელმწიფოებმა ერთდროულად და სინქრონულად უნდა იმუშაონ. ასეთი გამოწვევები ყველა წევრ სახელმწიფოში იყო, რასაც ვაკვირდებოდით.

სექტემბერ-ოქტომბერში სრული კვლევა ჩავატარეთ და ყველა ასეთი დაბრკოლება რუკაზე გამოვსახეთ. ამ საგზაო რუკის საფუძველზე გამოიკვეთა ის თანხა, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც ამ პროცესების გასაუმჯობესებლად არის საჭირო. ამჟამად, ეს დოკუმენტი ყველა შეთანხმების რეალიზაციის ფაზაში იმყოფება. დოკუმენტი ფართოა - ის 54 პუნქტისგან შედგება, რომლებიც ითვალისწინებს როგორც მყარ, ასევე რბილ ინფრასტრუქტურას. არსებობს გადაწყვეტები, რომლებიც უკვე დანერგილია. ნელ-ნელა მივყვებით და ყველა პრობლემას აღმოვფხვრით”, - განაცხადა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, მათ ყველა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საბოლოო ვადად 2027 წელი აქვთ განსაზღვრული. როგორც მან აღნიშნა, ამ პრობლემების დაძლევს შემდეგ, შუა დერეფნის ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მილიონიდან 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც ფაქტობრივად, თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

“პირველ ეტაპზე, კონტეინერების რაოდენობა 80 ათასიდან 300 ათასამდე გაიზრდება, შემდეგ კი კვლავ მოიმატებს. ყველაფერი ეს, დერეფანს დიდ ბიძგს მისცემს”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, 2023 წელს "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით" (TITR ), იგივე შუა დერეფნით, 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია. ამ დროისათვის ე.წ შუა დერეფნის მარშრუტში 11 ქვეყანაა წარმოდგენილი, 25 კომპანიით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი იწყება ჩინეთში, გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვით გადადის აზერბაიჯანში, გაივლის საქართველოს და თურქეთისა და შავი ზღვის საშუალებით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები