მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფნის გაციფრულებას ვგეგმავთ" - რას სთავაზობს სტარტაპი Warehouse მომხმარებელს?

აპლიკაცია

"ვგეგამთ, შუა დერეფანი გავაციფრულოთ" - სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის სტარტაპმა Warehouse აპლიკაცია შექმნა, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმში გაეშვა. ამ აპლიკაციაში მომხმარებლისთვის სხვადასხვა ევროპული საწყობი არის ხელმისაწვდომი, მათი სერვისების შესყიდვას კი მომხმარებელი ვებ აპლიკაციიდან ახორციელებს.

"ევროპის ხუთი ქვეყნიდან სერვისის ონლაინ მიღება უკვე შესაძლებელია. სერვისის ნაწილში ამ ეტაპზე ფასწარმოქმნასა და შეკვეთის განთავსებას ვგულისხმობ, რომელიც ევროპულ საწყობებთან მყისიერად მიდის. თუკი ტვირთი მზად არის გასაგზავნად, ასეთ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორი საწყობი ტვირთს 48 საათის განმავლობაში იღებს", - ამბობს Warehouse-ის თანადამფუძნებელი მარიამ ვიბლიანი.

Warehouse-ის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი, ბექა ფსუტური განმარტავს, რომ სტარტაპის შექმნის მთავარი მიზანი, ამ სფეროში არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება იყო.

"მოძველებულია როგორც ტვირთის გადაზიდვის პროცესი, ასევე ის დოკუმენტაცია, რომელიც მუდმივ პროცესებთან და ჩართულობასთან არის დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფერს ციფრული ხასიათი მისცემოდა.

ჩვენ გვაქვს სივრცე, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა,  ყველა მის მიერ განხორციელებული ორდერი ნახოს. ასევე არსებობს კალკულატორი, რომლითაც ნებისმიერი პროცესის გამოთვლა შეუძლია. მომხმარებლებს ჩვენი პლატფორმით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს -  თუ რა ხარჯებთან და რა დროსთან არის დაკავშირებული ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში ტვირთის ჩამოტანა და ა.შ.", - აცხადებს Warehouse-ის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი, ბექა ფსუტური.

სტარტაპის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, თეიმურაზ შაშიაშვილი კი ყურადღებას Warehouse-ის აპლიკაციის ტექნიკურ გამართულობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მისი მთავარი უპირატესობა სისწრაფე და სანდოობაა.

"მომხმარებელს სტაბილურად ექნება იმის განცდა, რომ მას აქვს შესაძლებლობა ერთი დღის საქმე რამდენიმე წუთში შეასრულოს. ახლა მთავარი მიზანი არსებული Beta ვერსიის დასრულებაა. ამის შემდეგ მეორე ვერსიას დავამუშავებთ, რითაც სისტემაში გარკვეულ დამატებებს უზრუნველვყოფთ", - აღნიშნავს თეიმურაზ შაშიაშვილი.

როგორც სტარტაპის წარმომადგენლები ამბობენ, მათ მომხმარებლისგან უკვე ძალიან საინტერესო უკუკავშირი აქვთ. აღნიშნავენ იმასაც, რომ მომხმარებელს მუდმივად უსმენენ და მათ ნებისმიერ რჩევას ითვალისწინებენ.

რაც შეეხება Warehouse-ის სამომავლო გეგმებს. სტარტაპი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებასა და რეგიონის ქვეყნებთან ერთად, სხვა კონტინენტების აქტიურად ათვისებას აანონსებს.

"წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ვიყოთ წარმოდგენილები. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კი, ოპერირების დაწყებას დამატებით ხუთ ქვეყანაში ვაპირებთ. ჩვენი გუნდისა და იმ გამოცდილების დახმარებით, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ, გვსურს, რომ ჩვენი ვებ აპლიკაციის მეშვეობით ჩინეთიდან ევროკავშირში სერვისის მიწოდება დავიწყოთ. ყველაზე ამბიციური გეგმა კი არის - შუა დერეფნის გაციფრულებაა!", - ამბობს სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ვიბლიანი.

ცნობისთვის: სტარტაპი Warehouse 2022 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული გახდა. ამის შემდეგ სტარტაპი საქართველოში პირველ ვენჩურულ სტუდია "რეინვენთთან" დაპარტნიორდა, რომელმაც Warehouse-ისთვის ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის სერვისების მიწოდება უზრუნველყო. გარდა ამისა სტარტაპი Genesis-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტში შეირჩა, რომლის ფარგლებშიც "Warehouse"-მა აქსელერაციის პროგრამა გაიარა და ამასთან AWS-ის 10 000 დოლარიანი გრანტი მიიღო. Genesis-ის დახმარებით სტარტაპმა მოლაპარაკებები უცხოურ ვენჩურულ კაპიტალებთანაც დაიწყო, რომლებიც სტარტაპში ინვესტირებას განიხილავენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები