2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა.
“შიდა ბაზარზე პროდუქტებზე მაღალი ფასი, მოთხოვნას ზრდის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვაჭრობაზე და შესაბამისად ამანათების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. ნაკადს კი საბაჟო ვერ უძლებს” - ამის შესახებ BMG-სთან "გლობალ ტრანსპორტერის" თანადამფუძნებელმა, დავით ბეროშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ფინანსური და ადამიანური ზარალია, საბაჟოზე ამანათების 2-3 დღიანი დაყოვნება.
“ამანათების მიღების ნაწილში შეფერხებებია საბაჟოზე. გაზრდილ ტვირთბრუნვას ვეღარ აუდის საბაჟო და ხდება ტვირთების დაყოვნება. ადრე თუ რამდენიმე საათში ტვირთი ტარდებოდა, ახლა, 2-3 დღეა საჭირო. ეს რა თქმა უნდა ცუდად ისახება სატრანსპორტო კომპანიების ბიუჯეტზე. ტერმინალში გაჩერებული ტვირთი დამატებითი ხარჯია კომპანიებისთვის. გარდა ფინანსური ზარალისა, მომხმარებლის უკმაყოფილებაც იზრდება, რაც ყველაზე დიდი დარტყმაა გადამზიდავებისთვის. პირველ რიგში საბაჟო პროცედურების გამარტივება უნდა მოხდეს. გარდა ბიუროკრატიული ბარიერებისა, საბაჟოზე კადრების დეფიციტია. ადრე ცვლაში 5-6 მებაჟე იყო, ახლა მკვეთრად ნაკლებია. “ აღნიშნა დავით ბეროშვილმა.
2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც საფოსტო ამანათები შემოვიდა ასე გამოიყურება: თურქეთი ლიდერობს - 28,54%; ჩინეთიდან - 23,54; აშშ-დან 16,81%; საბერძნეთიდან - 7,88%; იტალიიდან - 7%; დანარჩენ ქვეყნებზე კი ჯამურად ამანათების 16,24% მოდის.