2023 წელს, ქართველებმა საზღვარგარეთიდან 500 მილიონი ლარის საქონელი გამოიწერეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როგორც BMG-ის შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, გამოწერილი შვიდი მილიონი ამანათიდან 95%-ის დეკლარირებული ღირებულება სამას ლარზე ნაკლები იყო, ხოლო საშუალო ამანათის ფასმა ამ სეგმენტში 44 ლარი შეადგინა. საპირწონედ ამისა, სამას ლარზე ძვირად ღირებული ამანათების რაოდენობა 300 ათასს აღემატებოდა, ხოლო საშუალო ამანათის საფასური 658 ლარი იყო.
რატომ იწერენ ქართველები ნივთებს საზღვარგარეთიდან და რა განაპირობებს მოთხოვნის 20%-იან წლიურ ზრდას? - ამ კითხვაზე პასუხად Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, ეს ტენდენცია უცხოეთიდან გამოწერის ბიუჯეტურობითაა განპირობებული.
“უცხოეთიდან პროდუქტების გამოწერა ქართველი მომხმარებლისთვის ახალი სერვისი არ არის, პირიქით - ელექტრონული კომერციის მიმართულება საკმაოდ დიდი ხანია, რაც ფუნქციონირებს. მოთხოვნის ზრდას რაც შეეხება, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა - ის უცხოეთიდან პროდუქტების გამოწერის ბიუჯეტურობას უკავშირდება.
ამასთან, წლების განმავლობაში შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც. თუ ადრე, მომხმარებელი მხოლოდ Amazon-იდან და სხვა კონკრეტული პლატფორმებიდან იწერდა პროდუქტებს, ახლა ის უფრო თამამია და მიხვდა, რომ პროდუქტების გამოწერა ბევრი სხვა პლატფორმიდან შეიძლება, რის გამოც ისინი სხვადასხვა ქვეყნებს ტესტავენ.
თურქეთმა, მაგალითად, საქართველოში პოპულარობა ორი წლის წინ შეიძინა, ხოლო შარშან, ამ სიას საბერძნეთიც დაემატა. გასულ წელს ამ ბაზარზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა და თან, ის მზარდიცაა, რადგან იქ ქართველი მომხმარებლისთვის ნაცნობი და საყვარელი ბრენდები ოპერირებენ, რომელთა პროდუქციის შეძენა მათ 20-30%-ით უფრო იაფად შეუძლიათ. ხშირად, 80%-იან ფასდაკლებებსაც ვხედავთ, რაც მომხმარებელს დამატებით მოტივაციას უქმნის”, - განაცხადა ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში”.
Kiwi Post-ის საოპერაციო დირექტორმა BMG-სთან პოპულარული პროდუქტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დინამიკა კონკრეტულ ქვეყანაზე არის დამოკიდებული.
“თურქეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ვხვდებით, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ელექტრონიკა ლიდერობს. ამ ქვეყნებში, როგორც წესი, პროდუქცია უფრო იაფია და მნიშვნელოვანია თავად აშშ-ის ფაქტორი, რადგან მომხმარებელი ამას დიდ ყურადღებას აქცევს”, - აღნიშნა ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში”.