ბოლო წლებში, ქართველი მომხმარებლები საზღვარგარეთიდან უფრო მეტ ამანათს იწერენ, როგორც რაოდენობით, ასევე ღირებულებით, რაც გამოწერის ბიუჯეტურობით აიხსნება. ამასთან, გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართველებისთვის პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალიც.
როგორც Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქართველების მიერ გამოწერილ ამანათებში მნიშვნელოვანი წილი თურქეთმა დაიკავა, ხოლო გასულ წელს სიაში ახალი ქვეყანა - საბერძნეთი გამოჩნდა.
“თურქეთმა, მაგალითად, საქართველოში პოპულარობა ორი წლის წინ შეიძინა, ხოლო შარშან, ამ სიას საბერძნეთიც დაემატა. გასულ წელს ამ ბაზარზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა და თან, ის მზარდიცაა, რადგან იქ ქართველი მომხმარებლისთვის ნაცნობი და საყვარელი ბრენდები ოპერირებენ, რომელთა პროდუქციის შეძენა მათ 20-30%-ით უფრო იაფად შეუძლიათ. ხშირად, 80%-იან ფასდაკლებებსაც ვხედავთ, რაც მომხმარებელს დამატებით მოტივაციას უქმნის.
ორი წლის წინ, თურქეთი უფრო პოპულარული იყო, მაგრამ ქვეყანაში არსებული რეკორდული ინფლაციის ფონზე, პროდუქციის ფასები გაიზარდა და თურქეთზე ორიენტირებული მომხმარებლების უდიდესი ნაწილი - საბერძნეთში გადავიდა.
ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ Trendyol-ს, რომელსაც საკუთარი მომხმარებელი კვლავაც დარჩა, მაგრამ ბრენდული პროდუქციის შემთხვევაში, მომხმარებელი საბერძნეთში გადავიდა.
სიაში, რასაკვირველია, ვხვდებით ჩინეთის მიმართულებასაც, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი კი, სტაბილურია - ეს არის არჩევანი, რომელიც მომხმარებელმა ჯერ კიდევ 15 წლის წინ გააკეთა. ამ ბაზარს საკუთარი სეგმენტი ჰყავს, რომელიც არც თურქეთის ბაზარზე გადავა და არც - საბერძნეთში. აშშ-ში მომხმარებლებს კონკრეტული სელერებიც კი ჰყავთ, არათუ პლატფორმები, ასე რომ მომხმარებელთა ეს სეგმენტი საკმაოდ ლოიალური და ერთგულია”, - განაცხადა ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში”.
Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა BMG-სთან იმ ტრანსფორმაციაზეც ისაუბრა, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა ბოლო წლების განმავლობაში განიცადა. ქეთი შანიძის შეფასებით, ბოლო წლებში, მომხმარებელი უფრო თამამი გახდა და სხვადასხვა პლატფორმების მიმართ ნდობით აღიჭურვა.
“გამოწერა, როგორც იცით, აქტიურად, 2010 წლიდან დაიწყო. იმ დროს, მომხმარებელი შეშინებული და ერთ ქვეყანაზე მიჯაჭვული იყო, რადგან ეგონა, რომ Amazon-ის გარდა სხვა პლატფორმებიდან პროდუქციის გამოწერა - რისკიანი საქმე იყო. ახლა, მომხმარებელს ეს შეგრძნება აღარ აქვს, რადგან იცის, რომ დაცულია და შეუძლია, ბარათი ნებისმიერ პლატფორმას მიაბას. არსებობს ისეთი პლატფორმებიც, სადაც ონლაინმაღაზიების სანდოობის გადამოწმება არის შესაძლებელი.
Kiwi Post-ის მომხმარებლისთვის, ეს ყველაფერი ნაცნობია, რადგან მათ ვეხმარებით არამხოლოდ ტრანსპორტირებით, არამედ ინფორმაციის გაზიარების კუთხითაც”, - აღნიშნა ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში”.
2023 წელს, ქართველებმა საზღვარგარეთიდან 500 მილიონი ლარის საქონელი გამოიწერეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როგორც BMG-ს შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, გამოწერილი შვიდი მილიონი ამანათიდან 95%-ის დეკლარირებული ღირებულება სამას ლარზე ნაკლები იყო, ხოლო საშუალო ამანათის ფასმა ამ სეგმენტში 44 ლარი შეადგინა. საპირწონედ ამისა, სამას ლარზე ძვირად ღირებული ამანათების რაოდენობა 300 ათასს აღემატებოდა, ხოლო საშუალო ამანათის საფასური 658 ლარი იყო.