ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals Poti-ი, რომელიც დანიური "მაერსკის" შვილობილია, პორტის გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს. დღეს პორტის კომერციულმა დირექტორმა, იენ როლინსონმა BMG-ის განუცხადა, რომ საინვესტიციო შეთანხმება თითქმის ფინალიზებულია და მას ხელი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს მოეწერება.
როგორც იენ როლინსონი განმარტავს, ხელმოწერიდან დაახლოებით ერთი წლის ვადაში კომპანია პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. სხვადასხვა ინფორმაციით, ახალი ტერმინალის საინვესტიციო მოცულობა 170-250 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.
ფოთის პორტის გაფართოების და გაღრმავების პარალელურად, საუბარი არ წყდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თაობაზე, რომლის მშენებლობას საქართველოს მთავრობა დამოუკიდებლად, 2023 წელს დაიწყებს. ამასთან, სექტემბერში, პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის გამოცხადებული შერჩევის ფარგლებში საბოლოო ეტაპზე ორი კონსორციუმი გადავიდა. მათგან ერთი სინგაპურულ-ჩინური ჰოლდინგი, ხოლო მეორე ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანიაა. თუმცა, კონფიდენციალურობის შეთანხმების გამო, ამ ფირმების სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. სახელმწიფო მოელის, რომ ანაკლიის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 589 მილიონ დოლარამდე იქნება.
გამოდის, რომ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ საქართველოში ნულის ნაცვლად, ერთბაშად ორი ღრმაწყლოვანი პორტი მოეწყოს და შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუ რამდენად საჭიროა საქართველოში ამ ტიპის ორი პორტი. ამ კითხვას “საქმიან საღამოში” დიდი ჩინური გადამზიდავი კომპანიის, COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა, გივი ჩაჩანიძემ უპასუხა, რომლის შეფასებით, დღეს, საქართველოში ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის აუცილებლობა არ არსებობს.
“დღევანდელი მონაცემებით და ხუთი წლის საუკეთესო რიცხვებით, საქართველოში ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის საჭიროებას ვერ ვხედავ. ბათუმისა და ფოთის პორტებს 100%-იანი დატვირთვით დღესაც კი ვერ ვტვირთავთ და იმ შემთხვევაშიც კი, იდეალური რკინიგზა, იდეალური ავტობანები და ყველანაირი ინფრასტრუქტურა რომ გვქონდეს აზიიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთების სწრაფად ჩამოსატანად, საჭიროებას მაინც ვერ ვხედავ. ამ შემთხვევაში გვექნება ორი ღრმაწყლოვანი პორტი და რამდენიმე პატარა პორტი, რისი საჭიროება, უფრო სწორად კი - აუცილებლობა არ დგას. თუმცა ბიზნესი - ბიზნესია და ამ საკითხს ვინ როგორ უყურებს, სულ სხვა საკითხია”, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ “საქმიან საღამოში”.