რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების საკმაოდ დიდი ნაწილი ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას და ლოგისტიკურად ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებას ითვალისწინებს.
საქართველოში რამდენიმე ჩინური კომპანია ოპერირებს, რომელთა დიდი ნაწილი მშენებლობის და ლოგისტიკის სფეროში ოპერირებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია COSCO SHIPPING LINES-ია, რომელმაც ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით “შუა დერეფნის” გავლით ტვირთების გატარება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო.
ჩინური კომპანიის ქართულ გეგმებზე “საქმიან საღამოში” ვრცლად COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა, გივი ჩაჩანიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კომპანიის მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე ის აუცილებლად იქნება ჩართული ამ თანამშრომლობაში.
“COSCO უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანიაა და თან, ის არამხოლოდ საზღვაო გადამზიდია, არამედ უდიდესი პორტოპერატორი და არაგაბარიტული ტვირთების ოპერატორიც. ამასთან, COSCO-ს შექმნილი აქვს მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი, რომელიც სახმელეთო-სარკინიგზო გადაზიდვებზე არის პასუხისმგებელი.
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით “შუა დერეფნის” გავლით ტვირთების გატარება 2017 წელს დავიწყეთ და საკმაოდ დიდი რაოდენობით ვატარებდით 2019 წლის ბოლომდე და, რა თქმა უნდა, [ჩინეთთან ურთიერთობის] ის სტრატეგია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მიერ არის გაცხადებული, COSCO-ს გარეშე არ ჩაივლის. პირიქით, COSCO-ს როლი ამ მხრივ ძალიან დიდი იქნება”, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ “საქმიან საღამოში”.
COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი საქართველოს სიმბოლურ როლზეც საუბრობს, რომელიც, მისი შეფასებით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებაში მდგომარეობს.
“სტრატეგია და იდეა კარგია, მაგრამ აუცილებელია გავიგოთ რას ვხედავთ და - როგორ. არ შეიძლება გაიხედო ჩინეთისკენ და ამაზე რაღაც ააწყო, არა - ჩვენს უკან ევროპაა და ეს უნდა გამოვიყენოთ. რეგიონული ჰაბი უნდა შევქმნათ, რათა ყველასთან შევძლოთ ურთიერთობა. თან ისტორიულად გვესმის, როგორც ევროპელების, ასევე აზიელების და შეგვიძლია ორივე მხარეს გავუგოთ. ბევრჯერ მინახავს, რომ შორ ევროპელსა და შორ-აზიელს ერთმანეთის გაგება უჭირთ და სწორედ აქ ვხედავ ჩვენ როლს, რადგან ორივესთან შეგვიძლია საუბარი და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, დრო არ იცდის”, - აღნიშნა გივი ჩაჩანიძემ “საქმიან საღამოში”.