მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად ინფრასტრუქტურის გამოწვევები უფრო კრიტიკული ხდება - გივი ჩაჩანიძე

გადაზიდვები წითელი ზღვა

"ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად ის გამოწვევები, რაც ინფრასტრუქტურის ნაწილშია, უფრო კრიტიკული ხდება", - ამის შესახებ COSCO SHIPPING LINES-ში აცხადებენ.

როგორც კომპანიის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს დერეფანში გადაზიდვების ზრდა ნარჩუნდება.

თუმცა გივი ჩაჩანიძის თქმით, ამავდროულად, კვლავ პრობლემად რჩება როგორც ქართულ პორტებში ტერმინალების რაოდენობის სიმცირე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, თუკი წლის განმავლობაში გადაზიდვების ზრდის არსებული ტემპი გაგრძელდება, შესაძლოა, ქართულ პორტებში გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნას.

“პირველი კვარტალი კარგად დაიწყო, გადაზიდვების ბაზარი იზრდება, თუმცა გამოწვევად რჩება ისევ და ისევ ინფრასტრუქტურა. ჩვენი მიზანია, რომ დერეფანი კონკურენტული გავხადოთ და ტვირთბრუნვა გავზარდოთ, თუმცა ზრდასთან ერთად ის გამოწვევები, რაც რჩება, უფრო კრიტიკული ხდება. ფოთის პორტმა შარშან გამოცხადებულზე მეტი ტვირთი გადაამუშავა. წელს პირველ სამ თვეში ტვირთბრუნვა 15%-ით გაიზარდა და თუკი გადაზიდვები ზრდას განაგრძობს, უფრო ახლოს მიგვიყვანს არსებულ გამოწვევებთან.

როგორც აქამდე იყო, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. [გამოწვევაა] თავად საპორტო ინფრასტრუქტურა, პორტთან არსებული ტერმინალები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც, რომ უფრო მეტი მატარებლის გაშვება და მიღება შევძლოთ ყოველდღიურად, დღეს კი რეისები არაა უზრუნველყოფილი. სერიოზული პრობლემაა კომუნიკაციის, მხედველობაში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ მაქვს, არამედ მთელი რეგიონი, რადგან ერთი კონკრეტული გადაზიდვისთვის შეიძლება სამი ქვეყანა იყოს გამოყენებული. მართლა რთულია სამ ქვეყანასთან ერთ დღეს ყველაფრის დაგეგმვა, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და აწყობილი“, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საზღვაო გადაზიდვებისთვის დადებითად დაიწყო. APM Terminals-ის ცნობით, ფოთის პორტში 1-ელ კვარტალში 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წლიურად 15.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილია ნაყარი ტვირთის მიღებაც, თუ კომპანიის მიერ წელს სამ თვეში 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 37 281 ტონა იყო.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკის ბოლო ანგარიშში საუბარია ქართულ პორტებში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე. ADB აღნიშნავს, რომ ქართულ პორტებში არ არის კარგად განვითარებული მულტიმოდალური სერვისების ინფრასტრუქტურა, რაც გემებიდან გადმოზიდული კონტეინერების დამუშავებას და მათ სარკინიგზო გადაზიდვებს შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები