2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ამას შემოსავლების სამსახურიდან სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც bm.ge-მ უწყებიდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა.
"გლობალ ტრანსპორტერის" თანადამფუძნებელი, დავით ბეროშვილი, ამანათების ზრდის მაჩვენებელს, შიდა ბაზარზე დადგენილ მაღალ ფასს უკავშირებს.
“ამანათების ზრდა, პირველ რიგში შიდა ბაზარზე ფასების ზრდამ განაპირობა, როგორც ტანსაცმელზე, ასევე, ავტომობილების ნაწილებზე, პირველად მოხმარების საგნებსა და ტექნიკაზე. ადგილობრივ ბაზარზე ფასები ძალიან არის მომატებული და სხვა ქვეყნებში მინუს 50%-იანი სხვაობაა ფასებში. ამიტომ მომხმარებელს უღირს 2 კვირა დაელოდოს ამანათს და ბევრად იაფად ჩამოიტანოს. გამოსავლის ძიებაში საბაჟო გადასახადის ზრდასაც ასახელებენ, თუმცა ეს უარეს შედეგს გამოიღებს, რადგან ის საქონელი, რომელიც მაღაზიაში იყიდება, ისიც იმპორტირებულია და შესაბამისად, ისიც გაძვირდება. გამოსავალი ადგილობრივ ბაზარზე უნდა ვეძებოთ და იმ დიდ კომპანიებში, რომლებიც ფასს ადგენენ ბაზარზე“, - აღნიშნა დავით ბეროშვილმა.
2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც საფოსტო ამანათები შემოვიდა ასე გამოიყურება: თურქეთი ლიდერობს - 28,54%; ჩინეთიდან - 23,54; აშშ-დან 16,81%; საბერძნეთიდან - 7,88%; იტალიიდან - 7%; დანარჩენ ქვეყნებზე კი ჯამურად ამანათების 16,24% მოდის.