სარკინიგზო სერვისების კომპანია Skinest Group-ის მმართველი პარტნიორი ოლეგ ოსინოვსკი მიიჩნევს, რომ შუა დერეფანში გამტარუნარიანობის მთელი პრობლემა კასპიის ზღვაშია და საქართველოს, როგორც დერეფნის მონაწილე ქვეყანას, ამ საკითხზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას საქართველოში ლოგისტიკური, სარკინიგზო, მიმოსვლისა გზებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას ოსინოვსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით ბევრი აქვს სამუშაო, თუმცა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში არსებული ტვირთნაკადის გათვალისწინებით, ქვეყანას მათი გატარება ამ ეტაპზე შეუძლია.
„შუა დერეფნის მთელი პრობლემა კასპიის ზღვაშია. საკითხი კასპიის ზღვის გამტარუნარიანობაშია - გადაზიდვები, საკმარისი რაოდენობის ვაგონები თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე. ეს პირველი ნაწილია, რომელიც ყველაფერ დანარჩენს აფერხებს.
ამიტომ საქართველოს რკინიგზა აქ პროცესზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენს. საქართველოს რკინიგზა გადაზიდავს ყველაფერს, რასაც მას მოუტანენ. რადგან გზაზე კიდევ არის აზერბაიჯანი და ეს აზერბაიჯანის ტარიფების საკითხია. ამ დერეფანში ბევრი ქვეყანაა და ამ საკითხიდან ყველას თავისი ზედმეტი მოგების მიღება უნდა. ამიტომ საქართველოს რკინიგზა ამ საკითხში ბოლოა. რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს - საჭიროა კარგი, უნარიანი, თანამედროვე პორტები. მაგალითად, თუ ააშენებენ ანაკლიას, ან თუ განავითარებენ ფოთის პორტს და ტერმინალებს - ასე შეიძლება გავლენა მოახდინო. ტვირთბრუნვაზე გავლენის მოხდენა, პრინციპში, საქართველოს რკინიგზას თითქმის არ შეუძლია“, - აღნიშნავს ოლეგ ოსინოვსკი.
უშუალოდ საქართველოს რკინიგზის მდგომარეობაზე საუბრისას, ბიზნესმენმა გასული წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში კორუფციის კოსმოსურ დონეზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ დღეისთვის რკინიგზას ადეკვატური ახალი მენეჯმენტი ჰყავს, რომელიც რკინიგზის განვითარებისთვის ბალანსს იპოვის.
„ისიც უნდა ვაღიაროთ, რა მდგომარეობაშია საქართველოს რკინიგზა - ის ტექნიკურად გუშინწინდელი დღისაა. იქ მუდმივი დენის ელექტრომომარაგება 3000 ვოლტზეა - ეს გუშინწინდელი დღეა. რკინიგზა კარგავს სადენებში ელექტროენერგიის 15%-ს. ამიტომ რკინიგზას ელექტრომომარაგების შეცვლაში დიდი ინვესტიციები აქვს ჩასადები. ასევე, გზის განვითარებაში და სხვა დანარჩენში, მაგრამ დღეს იმ მოცულობის ტვირთები არ არის, რომელიც ვთქვათ, მილიარდიან ინვესტიციას გაამართლებდა. საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობისთვის ეს რთული საკითხია. მათ უნდა გაიგონ, რომ შეიძლება აიღო გადასახადის გადამხდელებისგან ფული, შეიძლება დახარჯო, გააკეთო შესანიშნავი გზა შესანიშნავი ტექნიკური მდგომარეობით, მაგრამ ამ თანხას ვერასდროს ამოიღებენ. ამიტომ ვფიქრობ, ბალანსი უნდა მოიძებნოს და მეჩვენება, რომ საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელობა - მე მათ შევხვდი - ძალიან ადეკვატური ხალხია. ვფიქრობ, ისინი ამ ბალანსს იპოვიან და ამ გამოწვევას გაუმკლავდებიან“, - ამბობს ოსინოვსკი.
ცნობისთვის, Skinest Rail სარკინიგზო ტრანსპორტირებისა და მშენებლობის სერვისების მიმწოდებელი ესტონური კომპანიაა. Skinest Rail-ის ქართული კომპანიაა "სკინესტ რეილ ჯორჯია" 2024 წლის II კვარტალში საქართველოში TOP-5 უმსხვილეს ინვესტორს შორის იყო. ამ კომპანიის საკუთრებაშია "თბილისი ჰილსი".




























