“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, აკაკი საღირაშვილის შეფასებით საქართველოში შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად სამი მთავარი კომპონენტის განვითარებაა მნიშვნელოვანი, რაზეც რეგიონის ქვეყნები, საერთაშორისო დონორების დახმარებით, უკვე მუშაობენ. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ამ სავაჭრო გზის პოტენციალსა და ქართული მხარის მზაობაზე მან BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში" ისაუბრა.
“ყველაზე მთავარი კომპონენტი - ინფრასტრუქტურაა, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ისე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განვითარებაა, რითაც დერეფნის გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან, მინიმუმ 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
შემდეგი კომპონენტი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, კორიდორის გაციფრულებაა, რაზეც აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შეგვიძლია ვისაუბროთ ორ პროექტზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. პირველი - ეს არის “საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპი”, რომელიც, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, უკვე დამამთავრებელ ფაზაში გადადის. ეს იქნება პლატფორმა, რომელიც დერეფანში მონაწილე სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ოპერატორებს ერთ სივრცეში მოაქცევთ”, - ამბობს აკაკი საღირაშვილი.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ შუა დერეფნის გაციფრულება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილიცაა, რის გამოც როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გადაზიდვები ციფრულდება.
“აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ გემების შემოსვლა-გასვლის პროცესი უფრო დაჩქარდება. რაც შეეხება მეორე პროექტს, ის EBRD-ის მიერაა დაფინანსებული და არა საზღვაო გადაზიდვაზე, არამედ, ზოგადად, ტვირთბრუნვაზეა ფოკუსირებული და კერძო ოპერატორებისთვის საინტერესო პლატფორმას ქმნის”, - აღნიშნა საღირაშვილმა.
მესამე კომპონენტი, რომელიც შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლადაა აუცილებელი, აკაკი საღირაშვილის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარებაა.
“ყოველთვის, საბოლოო ჯამში, პროდუქტს კვალიფიციური კადრები ქმნიან. ადამიანურ კაპიტალში ინვესტიცია და მათი გადამზადება, უნარების განვითარება, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია”, - ამბობს ის.
საღირაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ამ მიმართულების განვითარებისთვის ქართული მხარე აქტიურად მუშაობს, რასაც ინფრასტრუქტურული პროექტებიც ადასტურებს, რომლებსაც, სულ მალე, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესიც შეუწყობს ხელს.