მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუქრუთის აქციის მონაწილეებს კომპენსაციები სრულად აქვთ აღებული - „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“

შუქრუთი
BM. GE
03.09.24 18:26
2725

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც 6 თვეა მაღარო გადაკეტილი აქვთ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, საკომპენსაციო თანხები აღებული აქვთ, - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელობამ დაუდასტურა.

როგორც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ განმარტავენ, კომპანიას პროტესტის მონაწილეებზე და არა მხოლოდ მათზე, კომპენსაციები გაცემული აქვთ.

ამის დასტურად კომპანიამ BM.GE-ს მიაწოდა აქციის ორგანიზატორებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები.

დოკუმენტებით ირკვევა თუ რა რაოდენობის კომპენსაციების აქვთ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს აღებული:

  • ჯანიკო ლაბაძემ, 2021 წლის 30 სექტემბერს კომპენსაციის სახით აიღო 195 738 ლარი.
  • რომან მეგრელიშვილმა 2021 წლის 22 ოქტომბერს კომპენსაციის სახით მიიღო 105 031 ლარი.
  • ჯემალი ნოზაძემ 2022 წლის 12 ოქტომბერს კომპანიისგან მიიღო 111 204 ლარი.
  • თამარ კუპატაძემ 2021 წელს კომპენსაციის სახით მიიღო 117 097 ლარი.
  • ამირან შეყილაძე, 2021 წელს კომპენსაციის სახით აღებული აქვს 88 096 ლარი.
  • ჯუმბერ ცუცქირიძემ 85 ათას ლარიანი კომპენსაცია მიიღო 2022 წლის 30 სექტემბერს.
  • გიორგი ნეფარიძის ოჯახმა კომპენსაციის სახით 2021 წლის სექტემბერში მიიღო 96814 ლარი.

მიუხედავად ამისა, თავად პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ საჭირო კომპენსაციები არ მიუღიათ და კომპანია ტყუილს ამბობს. „ჩვენი მოთხოვნაა, რომ რაც გაგვაჩნია, ზუსტად ანალოგიური სარგებლის მქონე სახლის, დამხმარე ნაგებობისა და მიწის ნაკვეთი უსაფრთხო გარემოში შეგვიქმნან, სადაც ნგრევის პროცესი არ მიმდინარეობს. კომპანია არაერთ სისულელეს ამბობს და კომპანიის არაერთ სისულელეზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ“, - გვითხრა მან.

თავის მხრივ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ ირწმუნებიან, რომ კომპანია პროტესტის დაწყების პირველივე დღიდან, აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციას ცდილობს, თუმცა არაერთი მოლაპარაკების მცდელობის მიუხედავად, აქციის მონაწილეები მოლაპარაკებებზე უარს ამბობდნენ. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის ამ დრომდე უცნობია კონკრეტული მოთხოვნები და პროტესტის რადიკალური ფორმის მიზეზი.

„აქვე განვმარტავთ, რომ აქციის მონაწილეთაგან რამდენიმეს და შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს არ აქვს კომპენსაცია აღებული, იმ მიზეზით, რომ მათი რიგითობა ჯერ არ დამდგარა. კერძოდ, შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიას შორის 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების წესიდან გამომდინარე, მათ ვისაც ჯერ არ აუღიათ კომპენსაცია - მეორე ან მესამე კატეგორიაში არიან, ანუ ნაკლები ზიანი აქვთ მიყენებული და რიგს ელოდებიან,“ - განმარტავენ კომპანიაში.

ასევე, აღნიშნავენ, შუქრუთში უძრავი ქონების დაზიანება საბჭოთა პერიოდში, სამთო მოპოვებითი სამუშაოების დროს მოხდა. მას შემდეგ ადგილზე წიაღისეულის მოპოვება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს კომპანიამ ადგილობრივების თხოვნით კომპენსაციების გაცემაზე მემორანდუმი გააფორმა და დღემდე 12 მილიონ ლარზე მეტი აქვს კომპენსაციის სახით გაცემული.

კომპანია ასევე პასუხობს BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილას“ ეთერში გიორგი ნეფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობა განხორციელდა“.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და დასძენს, რომ პირიქით, მაღაროს გადასამაგრებელი სამუშაოებისთვის მისულ თანამშრომლებს ძაღლებითა და ხელკეტებით დახვდნენ. საბოლოოდ კი, მათ მაღაროს გახსნის შესაძლებლობა არ მისცეს.

კომპანია იმოწმებს ფაქტს, რომ სამუშაო პროცესის 5 თვიან პარალიზებას სამართლებრივი შედეგებიც მოჰყვა. როგორც ცნობილია, პროკურატურამ პროტესტის მონაწილეებს ბრალი შემდეგი მუხლით წარუდგინა: „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები