სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები დღეს, 11 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ უწყვეტ აქციას გამართავენ, - ამის შესახებ BM.GE-ს სოფლის მკვიდრმა, გიორგი ნეფარიძემ განუცხადა.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან უკვე 183 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხოლო, მეთერთმეტე დღეა 5 ადამიანს პირი აქვს ამოკერილი. ისინი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის შედეგად მიადგა.
ნეფარიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არც კომპანიის და არც ხელისუფლების მხრიდან აქციას რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, შუქრუთელებმა სოფელში გამართული აქციის პარალელურად, თბილისში, პარლამენტის წინ უვადო აქციის გამართვა გადაწყვიტეს.
„პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება შუქრუთში და ამის პარალელურად, თბილისში პარლამენტის წინ დავიწყებთ გაპროტესტებას. ვაპირებთ კარვებში დაბანაკებას და უწყვეტად აქციების გაგრძელებას, სანამ პროცესები ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა და კანონიერი ხელშეკრულების გაფორმებამდე. სანამ სახელმწიფო ორგანოები პასუხისმგებლობას არ აიღებენ.
კომპანიის მხრიდან აბსოლუტურად არავინ გამოგვხმაურებია“,-აცხადებს სოფლის მკვიდრი.