შვედეთის მთავრობამ დააანონსა, რომ 15 მილიარდ შვედურ კრონას, ანუ $1.6 მილიარდ დოლარს საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებისთვის გამოყოფს. საუბარია ინვესტირებაზე ისეთ კერძო კომპანიაში, რომელიც ამ მიმართულებაზე აქტიურად მუშაობს და აქვს როგორც მოსახლეობის, ისე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისთვის საჭირო შეიარაღების შექმნის დიდი გამოცდილება.
როგორც ოფიციალურ სტოკჰოლმში განმარტავენ, საჰაერო თავდაცვის სისტემები როგორც ქალაქების გარშემო, ასევე მნიშვნელოვანი ხიდებისა და ენერგეტიკული ობიექტების სიახლოვეს განლაგდება. თავდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯების გამოყოფის მიზეზად თავდაცვის მინისტრმა პალ იენსონმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მაგალითი დაასახელა და განაცხადა, რომ მსგავსი რისკისაგან არცერთი სახელმწიფო დაზღვეული აღარ არის. შესაბამისად, ძლიერი და მდგრადი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
როგორც ირკვევა, გამოყოფილი თანხები ახლო მოქმედების რაკეტების სისტემაზე დაიხარჯება, რომელთა დანიშნულებაც მხოლოდ შესაძლო სამიზნის უახლოესი პერიმეტრის დაცვა იქნება. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შვედეთმა თავისი თავდაცვითი პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა და აქცენტი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციაზე შეაჩერა. ამ კუთხის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რაც თურქეთის მცირედი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ მოხერხდა. ამჟამად შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც ფინეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებას აქტიურად ცდილობს.




























