შვედეთში მსოფლიოში პირველი ელექტროგზას შექმნიან, რომელიც მასზე მოძრავ ელექტრომობილებს ავტომატურად დამუხტავს, - ამის შესახებ გამოცემა Electrek-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შვედეთის ტრანსპორტის სამინისტრო 21-კილომეტრიანი ელექტროგზის დასამუხტად კონტრაქტორ კომპანიას ეძებს. ამ დრომდე, შვედეთში ელექტროგზის ოთხი საპილოტე პროექტი უკვე შესრულდა, მათ შორის ქალაქ ლუნდსა და შვედეთის სამხრეთ ნაწილში, მაგრამ ახალი პროექტი მუდმივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
Electrek-ის ინფორმაციით, კონკრეტულად რა ტექნოლოგია იქნება გამოყენებული, სამინისტროს ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ პროექტის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. შვედეთის ტრანსპორტის სამინისტრო პროექტისთვის ტექნოლოგიის რამდენიმე უკვე შემოწმებულ ვარიანტს განიხილავს. პირველი გზის ზემოთ ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობა ითვალისწინებს, მეორე კი - გზაზე სპეციალური რელსის დამონტაჟებას, რომლითაც ელექტროენერგია ავტომობილის ქვეშ დამაგრებული მოწყობილობის გავლით, ავტომობილის ელექტრობატარეებს დამუხტავს. ამასთან, განიხილება გზაში ინდუქციური ხვეულების ჩაშენებაც.
შვედეთის ტრანსპორტის ინფორმაციით, ელექტროზოლი საერთაშორისო გზაზე, ორ შვედურ ქალაქს, ჰალსბერგსა და ორებროს შორის მოეწყობა. ეს გზა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში იღებს სათავეს და გოთენბერგის გავლით მალმიოში სრულდება - ამგვარად, ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და თან, პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა იქ უკვე არსებობს.
სკანდინავიურ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, შვედეთის “ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის” მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შიდასახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გზების მეოთხედზე ელექტროზოლების დამონტაჟებით, ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება, რადგან მკვლევრების თქმით, ამ შემთხვევაში, ელექტრობატარეების ზომაში შემცირება იქნება შესაძლებელი. თუმცა, არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმად ათიათასობით კილომეტრზე სპეციალური გზების ნაცვლად, უმჯობესია, შვედეთში ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა გაიმართოს.