შვეიცარიამ ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს აქტივები გაუყინა. Reuters-ის ცნობით, ამის მიზეზი ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ძალადობრივი ქმედებები გახდა.
ამასთან, შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, ლუკაშენკოს და კიდევ 15 ადამიანს, მათ შორის ლუკაშენკოს შვილ ვიქტორს, ეკრძალება შესვლა შვეიცარიაში.
მათ ადანაშაულებენ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებების და აქტივისტების დაკავებების ორგანიზებაში.
„შვეიცარია ღრმად არის შეშფოთებული შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ“, - აცხადებენ შვეიცარიის მთავრობაში.
ცნობისთვის, ბელარუსში აქტივისტები მოუწოდებენ მთავრობას დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების მიერ დაკავებულების წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტების გამოძიებისკენ.