შვეიცარიაში განიხილება ინიციატივა, სისტემური მნიშვნელობის UBS ბანკის ნაციონალიზაცია განხორციელდეს. ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საკითხი რეფერენდუმზე გავა თუკი ის 100,000 ხელმოწერას შეაგროვებს.
ინიციატივის თანახმად, შვეიცარიის კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც სისტემური მნიშვნელობის ბანკებში სახელმწიფო მაკონტროლებელ წილს უნდა ფლობდეს.
swissinfo-ს თანახმად, შვეიცარიაში მსგავსი ინიციატივები წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე.
არსებული მდგომარეობით, UBS-ის აქტივების მოცულობამ 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში მაქსიმალური მოცულობაა.
UBS-ის აქტივების მკვეთრი მატება მისი მთავარი კონკურენტის, Credit Suisse-ის შეძენით არის განპირობებული, რომლის სანაცვლოდ მან დაახლოებით 3 მილიარდი ევრო გადაიხადა, რაც საუკუნის გარიგებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ტრანზაქციის წყალობით, UBS-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული 29 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.
პოზიტიური შედეგებს, ბუნებრივია, ინვესტორები დადებითად იღებენ, ერთწლიან პერიოდში UBS-ის აქციები 30%-ითაა გაზრდილი და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $86-მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება.
ექსპერტების შეფასებით, UBS-ის ასეთი დრამატული ზრდა ქვეყნის ეკონომიკისთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, მის გადარჩენას ვერც სახელმწიფო შეძლებს. თავად ბანკს კი იმდენად დიდი სისტემური მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალში მისმა გაკოტრებამ, შესაძლოა, შვეიცარიის კოლაფსი გამოიწვიოს, ეს კი ის რისკია, რომელთან შეგუება ამჟამად ქვეყანას უწევს.