შვეიცარიელმა კანონმდებლებმა, გრეტა გისინმა და რაფაელ მაიმმა ქვეყნის მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, კონკრეტული კომპანიების ლიდერებმა დონალდ ტრამპს კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით ოქროს ზოდი და Rolex-ის მაგიდის საათი გადასცეს, რაც შვეიცარიული კანონმდებლობით მოსყიდვად ითვლება. კანონმდებლების შეფასებით, შვეიცარიისთვის ტარიფების 39%-დან 15%-მდე ჩამოწევის პერიოდი პირდაპირ იყო დაკავშირებული პრეზიდენტთან შეხვედრის თარიღთან, რაც აჩენს ეჭვს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენა ნაჩუქარმა პროდუქტებმაც იქონია.
როგორც შვეიცარიის გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, მათ წარმოებაში მიიღეს დეპუტატების მიერ წარდგენილი სარჩელი, თუმცა გამოძიება კონკრეტული ბიზნესმენების წინააღმდეგ ჯერ არ დაწყებულა. ანალიტიკოსების შეფასებით, “ოქროს ზოდების დიპლომატია” ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აყენებს ზიანს, რადგან ჩნდება პრეცედენტი, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით მოსყიდვას არ ერიდებიან.




























