შვეიცარიის დედაქალაქ ბერნიდან ნახევარი საათის სავალზე პოპულარული სათხილამურო კურორტ რუსჩეგ ეივალდზე (Rüschegg Eywald) მიმდინარე ზამთრის სეზონზე სათხილამურო საბაგირო ერთხელაც არ გახსნილა. 2.5კმ-იანი სათხილამურო გზა, რომელიც შვეიცარიის რიგით მეოთხე უგრძესი ბაგირგზაა, კლიმატის ცვლილების “მსხვერპლია” - ამის შესახებ BBC-ის კორესპონდენტი წერს.
როგორც საბაგირო კომპანიის ხელმძღვანელმა, მაიკლ კეგელმა ბრიტანულ მედიას განუცხადა, კურორტის ამოქმედება მიმდინარე სეზონზე ორჯერ გადაწყვიტეს, თუმცა ნიადაგის ტემპერატურამ მათ ამის საშუალება არ მისცათ. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეივალდის კურორტი გაჩერებულია, გასულ წელს საბაგირო გზა აქ მხოლოდ 4 დღით ფუნქციონირებდა. იმისათვის, რომ კომპანიამ ზარალი არ მიიღოს, კურორტმა სეზონზე 10-15 დღე მაინც უნდა იმუშაოს, ამ დროისთვის კი ძვირად ღირებული ტექნიკა, რომელმაც რუსჩეგის კურორტზე დიდთოვლობისას უნდა იმუშაოს, უფუნქციოა. შესაბამისად, არსებობს გაკოტრების მაღალი შანსი.
რუსჩეგ ეივალდი ერთადერთი კურორტი არ არის, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას - შვეიცარიაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა თანდათანობით იზრდება, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში.
ექსპერტთა პროგნოზის თანახმად, შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური სათხილამურო კურორტები, მაგალითად ცერმატი ან მორიცი, კლიმატის ცვლილებას დროებით გადაურჩებიან, ბუნებრივი თუ ხელოვნური თოვლის დახმარებით, თუმცა რუსჩეგსა და მის სამეზობლოს ახალ კლიმატურ პირობებზე ადაპტირება მოუწევთ.
მაიკლ კეგელი აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, სათხილამურო კურორტი 10 წელიწადში საერთოდ აღარ იარსებებს.