მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიის სოფელ ბლატენში მყინვარი ჩამოწვა - სტიქიის შედეგები

შვეიცარია

შვეიცარიის ალპებს მყინვარის დიდი ნაწილი მოსწყდა და ალპურ სოფელ ბლატენში მეწყერი გამოიწვია. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, სტიქიის საშიშროების გამო, სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია თითქმის ერთი თვით ადრე განხორციელდა, თუმცა დაკარგულია ერთი ადამიანი.

შვეიცარიული მედიის მიერ გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ სოფლის ძირითადი ნაწილი მეწყერითაა დაფარული. ადგილობრივები მედიასთან აცხადებენ, რომ სოფელი განადგურებულია და მისი თავიდან აშენებაა საჭირო.

პრესკონფერენციაზე უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნეს, რომ მეწყერმა სოფლის 90% დაფარა. რაც შეეხება დაკარგულ პირს, მის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

ადგილობრივი გამოცემა აღნიშნავს, რომ სოფელში მილიონობით კუბური მეტრი მიწა ჩამოწვა, რაც მყინვარის ჩამოშლამ განაპირობა. როგორც ცნობილია, მყინვარზე ცვლილებები ადგილობრივმა უწყებებმა ერთი თვით ადრე, მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს და, რისკების შეფასების შემდეგ, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. სტიქიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია და არც ისაა გარკვეული, რა როლი შეასრულა მეწყერის წარმოქმნაში კლიმატის ცვლილებამ.

აღსანიშნავია, რომ ბლატენზე მიყენებული ზარალი შვეიცარიის ალპებში ამ და წინა საუკუნის განმავლობაში უპრეცედენტოდ მასშტაბურია. სოფელში, სადაც მოსახლეობა 300-ს არ აღემატება, განადგურებულია სახლები და შენობები. უწყებები ადგილობრივებსა და მოგზაურებს ტერიტორიიდან გარიდებისკენ მოუწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები