მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული აგრარული სკოლა ასორტიმენტს აფართოებს და რძის წარმოებას იწყებს

შვეიცარიული აგრარული სკოლა

შვეიცარიული აგრარული სკოლა წლის ბოლომდე რძის წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“ჯერჯერობით ქარხნის წარმადობა ბოლომდე კიდევ არ გვაქვს ათვისებული, თუმცა, გავზარდეთ წარმოება, ვინაიდან წელს დავამატეთ მეორე ფერმა  და გაგვეზარდა რძის რაოდენობა. ზაფხულში დავიწყეთ კარაქის წარმოება, რომელიც ამ თვეში გამოჩნდება ქსელებშიც და მომხმარებელს საშუალება ექნება ნატურალური ნაღების კარაქი შეიძინონ

ამასთან, წლის ბოლომდე ჩვენს ასორტიმენტს ნატურალური რძე შეემატება, რომლის შეფუთვაც ადგილზე მოხდება. ჩვენ გვაქვს შვეიცარიიდან ჩამოტანილი ჩამოსასხმელი ხაზი, რომლითაც ვაწარმოებთ იოგურტებს, ამ ხაზით რძის ჩამოსხმაც შესაძლებელია”, - განმარტა დირექტორმა.

ასორტიმენტის გაფართოება კომპანიამ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა, გარდა ამისა, მომავალი წლიდან ქართული ყველის სახეობების დამატებაც იგეგმება.

“ასორტიმენტი გავაფართოვეთ, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და მომხმარებელი ყველის გარდა სხვადასხვა რძის პროდუქტებს ითხოვდა , ამასთან, სტუდენტებისთვისაც, ყველის გარდა, სხვადასხვა პროდუქტის სწავლა გვინდოდა. წარმოებისა და ასორტიმენტის კუთხით გაფართოებას ვგეგმავთ, ყველის წარმოება არ შემცირდება, მომავალი წლიდან დავამატებთ ქართული სახის ყველსაც. ამჟამად, დღეში 800-900 ლიტრ რძეს ვაწარმოებთ”, - აღნიშნა მახარაძემ.

წარმოებაზე საუბრისას, სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ პროდუქტის წარმოება მხოლოდ კომპანიის ფერმიდან მიღებული რძით ხდება.

“რამდენჯერმე ჩავიბარეთ რძე, თუმცა,ფერმერებისგან ვერ მივაღწიეთ იმ ხარისხს , რა სტანდარტიც  ქარხანაში გვაქვს, ამ მიმართულებით რეგიონში კიდე ბევრი გვაქვს სამუშაო, ამიტომ, ამ ეტაპზე, პროდუქტის წარმოება მხოლოდ ჩვენი ფერმიდან მიღებული რძით მიმდინარეობს”, - დასძინა მან.

ცნობისთვის: შვეიცარიული სკოლა „კავკასია“ დმანისში 2021 წელს 13 მლნ-იანი ინვესტიციით გაიხსნა და ფერმას და ყველის ქარხანასთან ერთად სასწავლო შენობასაც აერთიანებს, კამპუსი 30 სტუდენტზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები