საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის („სიფას“) ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურას არ დააყენებს.
სიფა-ს გადაწყვეტილებასა და გეგმებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ, ადვოკატმა ქეთი ქვარცხავამ ისაუბრა.
„მიგვაჩნია, რომ ასოციაციის მართვა უნდა ხდებოდეს კოლეგიურად და ამ პროცესში ისმოდეს სხვადასხვა ჯგუფის და თუნდაც ცალკეული ადვოკატის ხმა. ასოციაცია იმართება კოლექტიური მართვის ორგანოს - აღმასრულებელი საბჭოს მიერ და არა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ. კოლეგიური მართვისთვის უფრო სწორია ასოციაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს უმრავლესობა არ იყოს ერთი და იმავე გუნდის წევრი და არსებობდეს განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ და დასძინა, რომ სიფა-ს აზრით, აბსურდული სიტუაციაა, როცა ადვოკატთა ასოციაციაში ყველა ორგანო ერთი და იგივე გუნდის მიერ კონტროლდება.
„10 წელზე მეტია, რაც ადვოკატთა ასოციაციაში მსგავსი სიტუაცია გვაქვს - მართავს ერთი გუნდი. აკონტროლებს იგივე გუნდი და ა.შ. აქედან გამომდინარე, არ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დასახელება, როდესაც უკვე არის გარკვეული კონკურენცია - არიან კანდიდატები, რომელთან მუშაობა შესაძლებელია“, - ამბობს სიფა-ს თავმჯდომარე.
„წერტილთან“ ინტერვიუში ქეთი ქვარცხავამ ადვოკატთა ასოციაციაში არსებულ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრა და ასევე, პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სიფა-ს ხედვა ასოციაციაში კოალიციური მმართველობისა და რეალური ცვლილებების შესახებ პრინციპულ თანხვედრაშია ირაკლი ჩომახაშვილის ხედვასთან, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე 19 კანდიდატი სიფა-მ დღეს წარადგინა და მათ შორისაა ქეთი ქვარცხავა, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატია.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა სრული სია ასე გამოიყურება:
აღმასრულებელი საბჭო: 1. ქეთევან ქვარცხავა; 2. გოჩა სვანიძე; 3. დავით კიკალეიშვილი; 4. აკაკი ჩარგეიშვილი; 5. მაია მწარიაშვილი; 6. გიორგი ზედელაშვილი; 7. ანა ლორია; 8. კახაბერ წერეთელი.
ეთიკის საბჭო: 1. სოფიო როინიშვილი; 2. ნინო სოსელია; 3. ჟანა ჩიქოვანი; 4. უჩა ქირია; 5. ნანა ამისულაშვილი; 6. რუსუდან ჭკუასელი; 7. ირაკლი გაფრინდაშვილი; 8.ანა რეხვიაშვილი; 9. სოფიო ჩაჩავა (არაწევრი).
სარევიზიო კომისია: 1. ზვიად კორძაძე; 2. შალვა ბუავა“.
„ჩვენ ადვოკატის პროფესიას ვემსახურებით რამდენიმე ათეული წელია. ჩვენი პროფესიის წინაშე, ისევე როგორც ადამიანის უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას. „სიფა“ არის იურიდიული ფირმების პროფესიული გაერთიანება და ჩვენთვის ადვოკატის როლის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასოციაცია, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს, ჩვენი პროფესიის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მის საქმიანობაში ათწლეულზე მეტია ჩართულია ადვოკატთა მცირე ჯგუფი და ადვოკატთა უმეტესობისთვის არც პროფესიული განვითარებისთვის, ან ადვოკატთა უფლებების გაფართოებაზე ზრუნვისთვის ასოციაცია ნაკლებად ზრუნავს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ადვოკატთა ასოციაციამ დაკარგა კავშირი ადვოკატებთან და მხოლოდ ცალკეული, უმნიშვნელო, კოსმეტიკური საკითხების გადაჭრა მიაჩნია მიღწევად და ყურადღების მიღმა რჩებათ ფუნდამენტური საკითხები, რაც ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის ადვოკატის ფუნქციის განხორციელებას“, - აცხადებენ სიფა-ში.




























