რა მოხდება, თუ სატელეკომუნიკაციო პლატფორმა Signal-ის გასაიდუმლოებულ ჩატში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი აღმოჩნდება? — ეს არის შეკითხვა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ დრომდე არავის გასჩენია. თუკი შეკითხვა, დიდწილად, არარელევანტური იყო, მასზე პასუხი ახლა უკვე ყველამ იცის.
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ვითარება, რომელიც ახლა აღვწერე, მართლაც მოხდა, რადგან Signal-ის გასაიდუმლოებულ ჩატში, რომლის წევრებს შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ხაზინადარი და სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ, როგორღაც The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი აღმოჩნდა. რეალურად, ჟურნალისტი ჩატში სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის მოწვევით აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, შემთხვევით. ის, რაც შემდეგ მოხდა, მთელმა მსოფლიომ იცის.
თავად ეს ამბავი იმდენად უცნაურია, გეგონება სატირული გამოცემის ავტორმა შეთხზა, მაგრამ რეალობა სხვაა. მაიკ უოლცმა, რომელიც დონალდ ტრამპის პირადი კაბინეტის წევრი პრეზიდენტის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია, Signal-ის მეტად სენსაციურ ჩატში, სადაც ასევე იყვნენ ლიბერალების მიმართ სკეპტიკურად და, შეიძლება ითქვას, მტრულად განწყობილი მაღალჩინოსნები, სწორედ ლიბერალური შეხედულებების მქონე The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი დაამატა. ჟურნალისტს ეს ამბავი არ უღიარებია და დახურულ დისკუსიებს მანამ ისმენდა, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს კატასტროფული შეცდომა თავად არ აღმოაჩინეს.
„არ მჯერა, რომ ასეთი რამ დამემართა“ – ალბათ დაახლოებით ასეთი რამ გაიფიქრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, როცა მიხვდა, რომ ისედაც რთულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ და არასასურველ სიტუაციაში ჩავარდა. რეალურად კი, პიტ ჰეგსეტმა მთელ ამ ამბავს ტყუილი უწოდა, მაგრამ Singal-იდან ინფორმაციის გაჟონვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ დაადასტურა, ასე რომ ჰეგსეტის შეფასებას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ფაქტია, რომ ჟურნალისტმა ჯეფრი გოლდბერგმა ციდან ჩამოვარდნილი ამ შესაძლებლობით ისარგებლა და ყველაფერი, რაც მოისმინა სტატიაში აღწერა. ტექსტმა რეზონანსი გამოიწვია და ამერიკელი მაღალჩინოსნების კომპეტენციაზე და სამთავრობო დიალოგისთვის კერძო კომპანიის მიერ შექმნილი მესინჯერის გამოყენების თაობაზე კითხვების მორიგი კასკადი გამოიწვია.
მოგვიანებით, რესპუბლიკელთა ნაწილმა ამ მოვლენას ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი უწოდა, მაგრამ სახელმწიფო ინფორმაციის გაჟონვა, მით უმეტეს ამ ფორმით, ჩვეულებრივ ამბად უბრალოდ ვერ კვალიფიცირდება. ამიტომაცაა, რომ ამერიკელი კანონმდებლები, მათ შორის რამდენიმე რესპუბლიკელი, პიტ ჰეგსეტის გადადგომას რომ ითხოვენ. აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად, სკანდალს, შესაძლოა, სხვა მაღალჩინოსნები შეეწირონ, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი.
საქმე ისაა, რომ ამ სენსაციური თემის Signal-ში განხილვით, მაიკ უოლცმა, შესაძლოა, დაზვერვის აქტის რამდენიმე მუხლი დაარღვია, რადგან ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო თემების განხილვისთვის და შეტევების დასაგეგმად აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებულები არიან სპეციალურ ადგილას შეიკრიბონ ან საუბარს დისტანციურად, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ადგილებიდან ჩაერთონ. Signal-ი არც ერთ ამ კლასიფიკაციაში არ ხვდება, შესაბამისად, გამორიცხული არაა რომ ამ სკანდალს რამდენიმე ამერიკელი მაღალჩინოსანი შეეწიროს.
თავად საკითხი, რომელსაც ამერიკელი მაღალჩინოსნები Signal-ის ჩატში განიხილავდნენ, მეტად მგრძნობიარე იყო. საუბარი იემენის ტერიტორიაზე გამაგრებული ტერორისტული ორგანიზაციის — “ჰუსიტთა ერთობის” წინააღმდეგ სამხედრო იერიშს ეხებოდა, რომელიც ამ საუბრიდან ორ საათში შედგა. იემენის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტევას სულ მცირე 53 ადამიანი ემსხვერპლა.