ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ „სილქ როუდ ჯგუფი“ მსხვილ ენერგოპროექტში ინვესტირებას გეგმავს, თუმცა დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებს. ამის შესახებ მან კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ დიდ პროექტზე, 200+ მეგავატიან ენერგოპროექტზე, რომელშიც ჩვენ შევალთ. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მალე განვაცხადებთ. ასევე, ვიწყებთ მუშაობას კიდევ უფრო დიდ ენერგეტიკულ პროექტებზე“, - განაცხადა რამიშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებაზე გიორგი რამიშვილმა 2025 წლის ბოლოს, „ბიზნესის კვირეულთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მაშინაც დეტალების გაცხადებისგან თავი შეიკავა. მან აღნიშნა, რომ მის ჰოლდინგურ კომპანიას ენერგეტიკაში ინვესტიცია მანამდეც ჩაუდია. ახლა კი ჰოლდინგის პორტფელში ციფრული მიმართულებით 20 მილიონიანი DATA ცენტრის პროექტის განხორციელების პროცესში, ბიზნესმენმა ენერგეტიკაში ინვესტიციების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩემი აზრით, მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ციფრული და ენერგეტიკული სფეროების კომბინაცია“ - განაცხადა მან „ბიზნესის კვირეულთან“ ინტერვიუში.




























