მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქ როუდ ჯგუფის სასტუმროებისა და სამორინეების შემოსავალი 2022 წელს 246 მილიონამდე გაიზარდა

647c3bc7a16c1
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.23 11:05
2186
სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების მართვის ჰოლდინგი - SRG Real Estate-ი 2022 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების და სამორინეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელს ფლობს და მართავს. ფინანსური ანგგარიშის მიხედვით, 2022 წელს ჯგუფის შემოსავალი 70%-ით გაიზარდა და მან 246 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, მკვეთრად გაუმჯობესდა კომპანიის მომგებიანობა და ის 2021 წელს არსებული 2.4 მილიონი ლარიდან 45.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

"საერთო შემოსავლებიდან დაახლოებით 63% მოდის სათამაშო ბიზნესის შემოსავლებზე, 34% სასტუმროს შემოსავლებზე, ხოლო 3% სხვა შემოსავლებია,"- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

• თბილისსა და ბათუმში (საქართველო) მდებარე, რედისონ ბლუ ბრენდის სასტუმროების და წინანდალში (საქართველო) მდებარე, რედისონ ქოლექშენ ბრენდის სასტუმროს ფლობა და მართვა.
• წინანდალში (საქართველო) მდებარე, პარკ ჰოტელის ბრენდის სასტუმროს ფლობა და მართვა.
• თბილისსა და ბათუმში კაზინოების მართვა. კაზინოები თბილისსა და ბათუმში რედისონ ბლუ ბრენდის სასტუმროებში მდებარეობს.
• კომპლექს „რესპუბლიკის“ - ის ფლობა და მართვა.
• საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე უძრავი ქონების განვითარება და მართვა.

"2023 წელს ჯგუფის მთავარი ფოკუსი იქნება შემოსავლების დივერსიფიცირება საცხოვრებელი და დასასვენებელი სახლების სექტორში შესვლით. ამ მიზნით განიხილება ორი პროექტი აჭარაში: „სილქთაუერსი“ ბათუმში და „ბოტანიკო მწვანე კონცხზე“. სილქთაუერსის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2024 წელს. რაც შეეხება კომპლექსს „ბოტანიკო მწვანე კონცხი“ მისი მშენებლობა დაიწყო 2020 წლის შემოდგომაზე და სრულდება 2023 წლის ზაფულში.

პარალელურად ჯგუფის გეგმებშია არსებული პოზიციების გაძლიერება თბილისში და კახეთში. ამ მიზნით 2021 წელს თბილისში უკვე გარემონტდა სასტუმროს საცხოვრებელი ოთახები, ხოლო კახეთში მოხდა დამატებითი ინვესტიციების განხორციელება „რედისონ კოლექშენის“ სასტუმროში.

ახალი ინვესტიციების კუთხით 2023 წელს ჯგუფმა დაიწყო რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ტელეგრაფის“ სარემონტო სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება ჯგუფის თბილისის აქტივების კლასტერი პირველი რესპუბლიკის მოედნის ირგვლივ,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში. 

ჯგუფი მთლიანობაში 1,800-მდე ადამიანს ასაქმებს, 2022 წელს პერსონალის ხელფასებზე კომპანიამ 87 მილიონი ლარი დახარჯა.

კომპანიის აქტივები 883 მილიონ ლარს შეადგენს, მისი ვალდებულებები კი 323 მილიონი ლარია. 

"კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია არის „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი". 2020 წელს, კომპანიის შუალედური მშობელი კომპანიის რეორგანიზაცია მოხდა, რის შედეგადაც კომპანიას ახალი ბენეფიციარი აქციონერი ჰყავს, იერკინ ტატიშევი, არაპირდაპირი უმცირესობის წილით (38.2%) კომპანიაში. კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია რჩება „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი" - ფიზიკური პირის, გიორგი რამიშვილის მიერ კონტროლირებული საწარმო,"- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები