მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტი 5G აუქციონის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი
BM.GE
31.07.23 18:10
42

"სილქნეტი" 5G აუქციონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

"სილქნეტი მრავალი წელია უახლეს ტექნოლოგიებს ნერგავს, ქსელის მასშტაბურ მოდერნიზაციას ახორციელებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს თავაზობს, რასაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით აღწევს.

სილქნეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მზად არის დანერგოს 5G ქსელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია არის საჭირო შემდეგი წლების განმავლობაში.

სამწუხაროდ, კომისია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მან სრულად დააკმაყოფილა აუქციონთან დაკავშირებით სილქნეტის რეკომენდაციები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, კომისიამ 5G აუქციონის ფარგლებში არ გაითვალისწინა სილქნეტის არცერთი შენიშვნა, რომელიც აუქციონის პირობებს გააუმჯობესებდა, კერძოდ:

1) სრულფასოვანი ლიცენზიის შესყიდვის შესაძლებლობა MVNO (ვირტუალური მობილური ოპერატორი) დაშვების სავალდებულო პირობის გარეშე (ოპერატორების სურვილის შემთხვევაში);
2) მძიმე ტექნიკური ვალდებულებების შემსუბუქება; 
3) 5G მიკრო-სადგურების განთავსების პროცესის გამარტივებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება;

აქვე განვმარტავთ, რომ სილქნეტი მიესალმება ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) დაშვებას კომერციული მოლაპარაკების საფუძველზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიამ პირველმა შექმნა საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების პრეცედენტი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია წარმატებულად ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ  არ ჩაატარა კვლევა და შესაბამისად, ვერ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ამგვარი მკაცრი ვალდებულებებისა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა (RIA), რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევრორეგულაციებთან. 
კომისიამ აუქციონის ფარგლებში  მკაცრი ვალდებულებებითა და შეზღუდვებით, ხელოვნურად შეაფერხა საქართველოში, ერთმანეთის კონკურენტი 5G ქსელების დანერგვა და ასობით მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება.

დღეს ქვეყანაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსი, სამჯერ მეტია სამივე ოპერატორის სარგებლობაში არსებულ სიხშირეებზე(2G,3G,4G). ეს რესურსი საკმარისზე მეტია, რომ სამივე ოპერატორმა ეფექტურად დანერგოს 5G ქსელი. დასანანია, ნაცვლად იმისა, რომ კომისიამ წაახალისოს ქსელების დანერგვა და ინვესტიციების განხორციელება, ის ხელოვნურად აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

მიუხედავად ამ წარუმატებელი აუქციონისა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში კომისია ოპერატორებთან კომუნიკაციის კონსტრუქციულ გზას გამონახავს,  როგორც ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შენარჩუნებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები