მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიმართლე გითხრათ, Eagle Hills-ზეც ვღელავ. არ მინდა, ამ პროცესში დაზარალდნენ - ფადი ასლი

ფადი ასლი

ICC საქართველოს თავმჯდომარე ფადი ასლი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გამო და აცხადებს, რომ პრაქტიკულად საქართველოში ახალი ინვესტიციები აღარ შემოდის. ამის შესახებ მან „ანალიტიკას“ ეთერში ისაუბრა.

ასლი ყურადღებას ამახვილებს Eagle Hills-ის $6-მილიარდიან პროექტზე, რომელსაც თვლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ინვესტიციად ქვეყანაში, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ინვესტიციის მასშტაბები ჯერ კიდევ „დასადასტურებელი და გასაწერია“ როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

"ინვესტიციებზე თუ ვსაუბრობთ, ტექნიკურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში ინვესტიცია არ შემოდის. ათწლეულებია, ინვესტიციები ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული, ბოლო რამდენიმე წელია მილიარდ – მილიარდ 200 მილიონ დოლარზე გვაქვს საუბარი. აუცილებელია პოლიტიკური ნება. როცა ქვეყანაში ინვესტორთა შემოყვანის პოლიტიკური ნება გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად ხარ, ინვესტორები ბოლომდე დაიცვა. მათზე წნეხს არ ზრდი, მათ არ უსწორდები სასამართლოს ძალით, იცავ მათ მათივე არაპატიოსანი პარტნიორებისგან, საზღვართან მოსულებს უკან არ აბრუნებ, უკანონოდ და დაუსაბუთებლად არ ართმევ საცხოვრებელ ნებართვებს. არცერთი ეს ქმედება არ უწყობს ხელს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. დღეს, მაგალითად, 6 მილიარდიან ინვესტიციაზე ვსაუბრობთ Eagle Hills-ის პროექტში", - თქვა ასლიმ.

მისივე შეფასებით, Eagle Hills კარგად იცნობს მსგავს სირთულეებს, რადგან დიდ პროექტებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს და ბუნებრივია, რომ მასშტაბური მშენებლობები ხშირად მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

"ჯერ კიდევ დასადასტურებელი და გასაწერია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენი ინვესტიცია შემოვა საქართველოში და საერთოდ შემოვა თუ არა. სიმართლე გითხრათ, Eagle Hills-ზეც ვღელავ – არ მინდა, რომ ამ პროცესში დაზარალდნენ. იმიტომ, რომ ამის გამოცდილება, სამწუხაროდ, საქართველოს დაუგროვდა – დაზარალებული საერთაშორისო ინვესტორების. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მაგრამ ბევრი გამოწვევაა. Eagle Hills მიჩვეულია ამ გამოწვევებს – იმიტომ, რომ ხელს თითქმის ყოველთვის უზარმაზარ პროექტებს ჰკიდებენ სხვადასხვა ქვეყანაში და როცა მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებ, ბუნებრივად გამოდის, რომ ეხები ხალხს, ეხები ეკოლოგიას – ეს ყველაფერი კი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. შევხედოთ. როგორ წარიმართება ეს ინვესტიცია საქართველოში ყველა ამ გამოწვევის თუ გართულების ფონზე", - განაცხადა ფადი ასლიმ "ანალიტიკას" ეთერში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, "ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი "იგლ ჰილს საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებელმა აქციონერმა, მოჰამედ ალაბარმა მიიღო. აღნიშნული შესაძლებელი გახადა მეწარმეთა კანონში გასულ კვირაში შეტანილი ცვლილებით, რომლითაც საჯარო მოხელეებს უფლება მიეცათ დაიკავონ ისეთი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა, სადაც სახელმწიფო აქციათა 50%-ზე ნაკლებს ფლობს. ასევე, განახლდა Eagle Hills საქართველოს წესდება, სადაც ასახულია კომპანიის სააქციო კაპიტალის ცვლილება და მისი 33.33%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემა. გარდა ირაკლი ნადარეიშვილისა და თორნიკე ზირაქიშვილისა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან: მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები