მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმინდი, ხილი და მეცხოველეობა - რა საინვესტიციო პოტენციალი აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს?

62bb5cf63484a
ალა ისპირიანი
29.06.22 01:00
1314
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფლის მეურნეობას საინვესტიციო პოტენციალი აქვს.

როგორც კვლევაში წერია, აღნიშნულ რეგიონში სიმინდის, ხილისა და მეცხოველეობის მიმართულება განსაკუთრებით კარგად არის შესწავლილი, რაც მცირე და საშუალო ზომის საინვესტიციო კაპიტალის მოსაზიდად უსაფრთხო საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს.

"პროცესს რეგიონში არსებული საქმის ცოდნა, გამოცდილი სამუშაო ძალა და ისტორიული მემკვიდრეობა უწყობს ხელს", - წერია კვლევაში.

მათივე ცნობით, საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობა აქვს ბოსტნეულის წარმოებასაც. კვლევაში ასევე საუბარია იმ ხილისა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმატებით ვითარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის რეგიონში დიდი რაოდენობით ბოსტნეული არ იწარმოება, მაღალი წარმოების პროდუქტიულობა ქმნის შესაძლებლობას, რომ სექტორში ინვესტირების შემთხვევაში წარმოების წილიც გაიზარდოს, რაც მაღალი ეფექტურობის პირობებში მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სუბტროპიკული, ჩრდილოეთით კი, სუბ-ალპური და ალპური კლიმატი, წყლის უხვ რესურსებთან ერთად ქმნის საინტერესო ბუნებრივ გარემოს არაენდემური ჯიშების კულტივაციის და გავრცელებისთვის.

საინტერესო პრეცედენტს წარმოადგენს 2010 წლიდან კივის ბაღების გაშენება სამეგრელოში, რომელიც რეგიონისთვის არაენდემურ ჯიშს წარმოადგენდა, თუმცა, ბუნებრივი და კლიმატური მახასიათებლების გათვალისწინებით ეფექტური და წარმატებული ინიციატივა გამოდგა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კარგად არის განვითარებული ჩაის წარმოებისა და გადამუშავების პრაქტიკები, რაზეც მასში მოქმედი მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოები მეტყველებენ.

სს „წალენჯიხა-კოლხეთი“ მსხვილი საწარმოა, რომელიც ჩაის პროდუქციის წარმოებითა და ექსპორტით არის დაკავებული. მსგავს საქმიანობას მისდევენ სპს „ჯვარი 93“, ი/მ „შოთა გელოვანი“ საშუალო ზომის საწარმოები. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საშუალო ზომის თხილის გადამამუშავებელი ქარხნებიც შპს „ლეგი“ და ი/მ „სალია ბადრი“. არსებული პრაქტიკებიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ინვესტიციები თხილისა და ჩაის წარმოების მიმართულებით საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს, რადგანაც ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება უკვე არსებობს და მოქმედი საწარმოების ემულაციით და მათზე დამყარებული გამოცდილებით შესაძლებელია ახალი საწარმოების აწყობა", - ნათქვამია კვლევაში.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა "სამეგრელო ზემო სვანეთის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი" მიმდინარე წელს გამოაქვეყნა. პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები