სინგაპურის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 1-ელ აპრილს ქვეყანაში ეროვნული კოსმოსური სააგენტო დააფუძნოს, რათა მეტი გლობალური ინვესტიცია მოიზიდოს.
როგორც ვაჭრობისა სამინისტროში აცხადებენ, სააგენტოს ჩამოყალიბების პარალელურად, ოფიციალური სინგაპური კანონმდებლობის ცვლილებასა და შემსუბუქებასაც დაიწყებს, რაც კოსმოსურ ინდუსტრიაში ჩართულ მეტი ბიზნესს გაუხსნის შესაძლებლობას. ამასთან, გამოცხადდება მხარდაჭერის პროგრამები ინოვაციური სტარტაპებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სინგაპური კოსმოსური კომპანიების დაინტერესებას უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზეც არაერთ ისეთი მოთამაშეა წარმოდგენილი, რომლებიც აეროკოსმოსურ ტექნოლოგიებზე, ასევე სპეციალიზებულ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და საერთაშორისო კომპანიებს მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობენ. არსებული ინფორმაციით, საუბარია 70-ზე მეტ ფირმაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით 2,000-ზე მეტ ადგილობრივ სპეციალისტს ასაქმებს.
2026 წელს ქვეყანა კოსმოსური სამიტის მასპინძლობასაც გეგმავს, რომელზეც ასობით კომპანია თუ სტარტაპი იქნება წარმოდგენილი. ამ ნაბიჯით ოფიციალურ სინგაპურს მსოფლიო კოსმოსურ რუკაზე მნიშვნელოვან ჰაბად გამოჩენა სურს. იმ ქვეყნად, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ კომპანიებს, განავითარონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შექმნან ინოვაციები, რაც კაცობრიობის მიერ კოსმოსის ათვისებას დააჩქარებს. სინგაპურის კოსმოსური სააგენტო, განსხვავებით ამერიკული NASA-საგან, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და კოსმოსში მისიების გაშვებას არ გეგმავს, თუმცა დახმარებას გაუწევს მათ, ვინც მსგავსი პროექტების განხორციელებას დაისახავენ მიზნად.




























