მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისტემური პრობლემების ექიმებზე გადაბრალება სურთ - ვახტანგ კალოიანი ტიკარაძეს პასუხობს

61c9ca161dfdb
სალომე მეცხვარიშვილი
27.12.21 20:25
823
ჰოსპიტლებში ინფექციის პრობლემაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, ტიკარაძეს კი გადადგომამდე ამაზე არ უსაუბრია - ასე ეხმაურება ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით”. აღნიშნულის შესახებ თანამდებობიდან გადამდგარმა ეკა ტიკარაძემ შემაჯამებელ პრეზენტაციაში 26 დეკემბერს ისაუბრა.

ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ინფექცია სამედიცინო დაწესებულებებში ერთ-ერთია იმ სისტემური პრობლემებიდან, რომლებიც გვაქვს და რომელმაც თავი კოვიდ-პანდემიის პერიოდში იჩინა.

“ამ პრობლემას დიდი ხანია ვაყენებთ, მაგრამ თანამდებობიდან გადადგომამდე მინისტრს ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია და რაც ყველაზე მთავარია, ნაბიჯები არ არის გადადგმული ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ზოგადად ინფექცია, რომელიც ავადმყოფს ემართება საავადმყოფოში, არის ყველა ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა და რაც უფრო სუსტია სისტემა, მით მეტია ეს გამოწვევა. ეს არის ბუნებრივი რისკი, თუმცა მთელი მსოფლიო მუშაობს, რომ ეს რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. ჩვენთან ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც იწყება პირველად ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, საზოგადოებაში და თავს ყველაზე მძიმედ რეანიმაციაში იჩენს”,- აცხადებს ვახტანგ კალოიანი გადაცემა “საქმის კურსში”.

მისივე თქმით, მეორე მხრივ უკვე ყოფილი მინისტრის გაცხადება არაკვალიფიციურია, რამდენადაც ბაქტერიული ინფექცია შეიძლება დაემართოს ყველას, ვინც ჰოსპიტალში მოხვდება, განურჩევლად მათი დიაგნოზისა.

“მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დაერთებულ ადამიანებს ყოველდღიურად 2.5%-ით ეზრდებათ რისკი, რომ დაემართოთ საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია. შესაბამისად, ეს განცხადება მედიცინასთან არანაირ კავშირში არ არის.

ეს არის მცდელობა, სისტემური პრობლემები, რაც წლების განმავლობაში გროვდება არაგონივრული პრობლემების გამო, გადაიტანონ ექიმებზე და სამედიცინო პერსონალზე.

მაგალითად, თქვენ გახსოვთ 520-ე დადგენილება, როცა რადიკალურად შეუმცირდათ დაფინანსება სამედიცინო დაწესებულებებს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ჰოსპიტლები ინფექციის რისკებს ვერ მართავენ. ფასადური გადაწყვეტილებების გარდა, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯები არ გადაუდგამს”,- აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები