“სითი მოლის” მფლობელი კომპანია IG Development Georgia მიმდინარე წლის ივლისში მორიგი კორპორაციული ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს.
როგორც BMG-სთან IG Development-ის ფინანსური დირექტორი, ლაშა კახიშვილი აცხადებს, ემისია 40 მილიონამდე დოლარის მოცულობის იქნება. მისი თქმით, კომპანია აქცენტს მდგრადი და მწვანე დაფინანსების მიმართულებაზე აკეთებს.
ლაშა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ემიტენტებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა შედარებით გრძელვადიანი ობლიგაციების ემისიაა.
“IG Development Georgia 2021 წლიდან აქტიურად პოზიციონირებს კაპიტალის ბაზარზე. ბოლო განთავსება, რომელიც დეკემბერში გვქონდა, დამტკიცებული 82-მილიონიანი, რომელიც არის მწვანე ბონდი, საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი მწვანე განთავსება იყო ამ ეტაპისთვის. 45-მილიონიანი განთავსება უკვე მოხდა დეკემბერში, 40 მილიონამდე დოლარის ემისიას კი ივლისში ვგეგმავთ.
კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება და ძირითადი გამოწვევები არის უფრო გრძელვადიანი დაფინანსება, იმიტომ რომ ძირითადად ადგილობრივი ინვესტორები ინტერესდებიან, ქართული ბონდები ძირითადად ორ-სამწლიანია. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს დაფინანსება რაც შეიძლება გრძელვადიანი გახდეს. ამისთვის ჩვენი შენობებისთვის გავაკეთეთ მწვანე ESGE სერტიფიკატი, რომელიც უცხოელი და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ამ სერტიფიკატებით მივაღწიოთ იმას, რომ უფრო გრძელვადიანი ინვესტორები დავაინტერესოთ.
ჩვენ ძირითადად ინსტიტუციური ინვესტორები გვყავს, არა მხოლოდ ფიზიკური პირები. დაახლოებით 60% არის რითეილზე გაყიდული, 40% ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე. ბოლო განთავსებაში, რომელიც დეკემბერში გვქონდა, უცხოელი ინვესტორებიც დაინტერესდნენ, შესაბამისად უკვე სამწლიანი ობლიგაციის განთავსებაც მოვახდინეთ”, - განაცხადა ლაშა კახიშვილმა.




























