საპენსიო სესხებთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკვირდებით და ვფიქრობთ, ეს საკითხი ყველაზე კარგად იმ პირობებში გადაწყდება, როცა დაიდება ხელშეკრულება, რომელიც ყველას ინტერესს ემსახურება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხდა.
მან უპასუხა bm.ge-ს მიერ დასმულ კითხვას, ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, თუ დაინტერესდა ეროვნული ბანკი ამ საკითხით ღრმად და შესაბამისად, ხომ არ აქვს სებ-ს გარკვეული ანალიზი გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ „ლიბერთის“ მიერ უფროსი ასაკის ადამიანებზე გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სხვა ბანკების მიერ ამ ასაკის მოქალაქეებზე გაცემული იდენტური პროდუქტების მსგავსია თუ არა? უფრო იაფი თუ უფრო ძვირი?
„ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და საკმაოდ ბევრი სტატისიკური მასალაც არის საპროცნტო განაკვეთებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე სხვადასხვა ბანკმა მოიშველია ამ განხილვების დროს. დღესდღეობით ხელშეკრულების მიხედვით ბანკი ახორციელებს პენსიების დარიგებას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რაც რა თქმა უნდა გვლენას ახდენს იმ პროცენტზე, რომელიც არის საპენსიო სესხებზე. ეს რამდენჯერმე აღინიშნა როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ასევე ბანკის მიერ. ჩვენ ვუყურებთ ამ სიტუაციას, მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე კარგად გადაწყდება იმ პირობებში, როცა დაიდება ხელშეკრულება, რომელიც ყველას ინტერესს ემსახურება და დაფუძნებული იქნება კონკურენტობის პრონციპებზე“, - განაცხდა კობა გვენეტაძემ.
საქმე ის არის, რომ 2022 წლის ბოლოს საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი, არაერთი საკომიტეტო განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ საპენსიო გასაცემლის შესახებ ახალი ტენდერი გამოცხადდეს. პრემიერის დავალებით, შეიქმნა სპეციალური უწყებათშორისი კომისიაც, რომლის თავმჯდომარე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილია. ის ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდა, რომ კომისია, რომელშიც პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები შედიან, ე.წ. "საპენსიო სესხების" გაცემის ნაწილში მაქსიმალურად კომფორტულ პირობებზე მსჯელობდა. უკვე გაიმართა კომისიის პირველი სხდომა, თუმცა ახალი სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია ან რა მოდელზე მუშაობს კომისია, ჯერჯერობით, დაინტერესებული წრეებისთვის უცნობია.




























