ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძის განცხადებით, სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით ბაზარზე კერძო კომპანიების სიმწირეა და ამიტომ კანონში ინიციირებული ცვლილებებით დოკუმენტის მომზადების უფლება უნივერსიტეტებსაც ექნებათ. ამის შესახებ მან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია მუნიციპალიტეტებისთვის არსებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადატანა – 2028 წლის ნაცვლად, 2035 წლის 31 დეკემბრამდე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე მეტი ამჟამად სივრცის დაგეგმარების გეგმებით დაფარული არ არის, ხოლო მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი ამ პროცესის დროულად დასასრულებლად, რის გამოც ამჟამად არსებული ვადა, რაც სივრცითი დაგეგმარების 80%-ის მოცვას 2028 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს უმჯობესია მთელი 7 წლით, 2035 წლამდე გადაიწიოს.
საკითხის განხილვისას პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით კომპანიების მცირე რაოდენობას შეეხებოდა და პროცესში უცხოური კომპანიების ჩართვის შესაძლებლობით დაინტერესდა, რაზედაც ნინო ენუქიძემ უპასუხა: "რაც შეეხება კერძო პირებს, ბაზარი ძალიან მწირია. უნივერსიტეტებში ფაკულტეტებიც არ არსებობს რომ ეს მიმართულება დაფარონ. არქიტექტურის ნაწილია სივრცითი მიმართულება. აქედან გამომდინარე, ჩანაწერი სადაც იყო რომ კერძო პირზე განხორციელდება დაკვეთა, შეიცვალა სხვა სუბიექტით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკვეთოს ან თავად სააგენტომ გააკეთოს [სივრცითი დაგეგმარება]. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მოქნილი მექანიზმი იქნება".
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს:
- საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას გარდამავალ პერიოდში, რათა ქაოტური განაშენიანების რისკი შემცირდეს;
- დეტალური გეგმების ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებას – ორი ეტაპის ნაცვლად, ერთი ეტაპის დანერგვით;
- დოკუმენტბრუნვის სრული დიგიტალიზაციას, რაც პროცესის გამჭვირვალობას და კონტროლს გააძლიერებს;
- ესთეტიკური სტანდარტების განსაზღვრას საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რადგან ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებს აქამდე შესაბამისი რეგულაციები არ დაუმტკიცებიათ.
მთავრობის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, ქალაქგეგმარებითი პროცესების გამარტივებას და ქვეყნის ურბანული განვითარების უფრო სისტემურ მართვას.




























