2012-2014 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ხათუნა გოგალაძის შეფასებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები სათანადოდ მომზადებულები არ იყვნენ.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, რომლის მთავარი თემა დიდთოვლობის დროს სახელმწიფოს რეაგირების ხარისხი იყო.
„ოცნების“ მთავრობის ყოფილმა მინისტრმა 2023 წელს, შოვის ტრაგედია და 2015 წელს, თბილისში ვერეს ხეობის ადიდება გაიხსენა და თქვა, რომ „ყველა ამ შემთხვევის დროს ყველაზე სუსტი რგოლი [სახელმწიფოს მხრიდან] რეაგირების ნაწილი იყო.
„ამ შემთხვევაშიც, დიდთოვლობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რომ ხელისუფლება არ იყო მზად... შეიძლება, ყველა მუნიციპალიტეტს არ ჰყავდეს 20-20 ტრაქტორი, რომელსაც თოვლის საწმენდი საშუალება ექნება, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დიდი თოვლი მოვიდა, ამის გეგმა უნდა არსებობდეს და სამწუხაროდ, ეს რომ არ იყო, ძალიან კარგად გვაჩვენა გურიაში დიდთოვლობამ...
თან დიდთოვლობა არაა მეწყერი, რომელიც კიდევ უფრო ძნელად სამართავია, რადგან შეიძლება, განსაზღვრო რისკის არეალი, მაგრამ რთულია მასშტაბის განსაზღვრა... რაც შეეხება დიდთოვლობას, პროგნოზი არსებობდა, რომ იქნებოდა მაღალი ნალექიანობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პასუხისმგებელი ორგანოები სათანადოდ მობილიზებულები არ იყვნენ, არ იყო შესაბამისი ტექნიკა... არადა მუნიციპალიტეტებს შეეძლოთ, ნელ-ნელა, წინასწარ სტიქიასთან ბრძოლა და არა მაშინ, როცა თოვლის საფარმა რამდენიმე მეტრს მიაღწია. სამწუხაროდ, მომავალშიც ალბათ ხშირად გვექნება მსგავსი მოვლენები - არამხოლოდ დიდთოვლობა, არამედ მეწყერი, წყალმოვარდნები, ღვარცოფები და ა.შ. შესაბამისად, ეს მაგალითები გაკვეთილი უნდა აღმოჩნდეს პასუხისმგებელი ორგანოებისთვის, თუმცა ფაქტია, გაკვეთილებს ვერ ვსწავლობთ“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ხათუნა გოგალაძემ სტიქიური მოვლენების პროგნოზირების სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯობს, ზედმეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ შესაბამისმა უწყებებმა და პროგნოზი ნაკლებად გამართლდეს, ვიდრე იმის იმედზე იყვნენ, რომ სტიქია რთული ფორმით არ განვითარდება.
„მე არ ვარ არც მეტეოროლოგი და არც გეოლოგი, მაგრამ ჩემი აზრით, სჯობს იყოს პროგნოზი, რომელიც ცოტა მძიმედ გამოცხადდება [პასუხისმგებელი უწყებების მიერ], მეტად მოემზადებიან და უფრო მეტად იქნება გაფრთხილებული მოსახლეობაც, ვიდრე იფიქრო, რომ „იქნებ ასეთი ამბავი არ მოხდეს... თოვლია და რა მოხდება“... ჩემი აზრით, ასეთმა დაშვებებმა მიგვიყვანა აქამდე“, - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა „წერტილში“ დიდთოვლობის შემდეგ მოსალოდნელ რისკებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აუცილებელია ინტენსიური მონიტორინგი იმ ტერიტორიების, რომელიც მაღალი რისკის შემცველია.
„რისკების ძალიან ზუსტად განსაზღვრა - სად იქნება წყალდიდობა, სად ჩამოწვება მეწყერი და ა.შ. შეუძლებელია; ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, რამდენად სწრაფად მოიმატებს ტემპერატურა, რამდენად სწრაფად დადნება თოვლი და რამდენად გამოიწვევს წყალდიდობას, მაგრამ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა განსაკუთრებით რისკიანი ადგილები უნდა შეაფასონ - დღე და ღამე უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით და იმ ლოკაციებიდან, სადაც მოსალოდნელია წყალდიდობა ან მეწყერი, მოსახლეობის დროებით გამოყვანა უნდა უზრუნველყონო... თუ არ გააქტიურდება [მეწყრული პროცესები ან წყალდიდობა], ძალიან კარგი, მაგრამ მშვიდად მაინც არ უნდა ვიყოთ, რადგან ნალექი და წყალმოვარდნები ივნისამდე გრძელდება, თუმცა ინტენსიური მონიტორინგი სულ უნდა გაგრძელდეს; უნდა ვიცოდეთ, ხომ არ გააქტიურდა რამე პროცესი ადგილზე და ა.შ. და ამის მიხედვით ძალიან კონკრეტული ღონისძიებები უნდა დაგეგმონ და განახორციელონ, რადგან საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე და არა უბრალოდ ქონების დაზიანებაზე ან სხვა ზარალზე, რომ თქვან - „თუ არასწორად გავაკეთეთ რამე, არა უშავს, გამოვასწორებთ“, - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.