სამხრეთკორეულმა ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანია SK Hynix-მა აშშ-ში აქციების საჯარო გაყიდვა დაიწყო, რომლის მიზანიც $28 მილიარდის მოზიდვაა.
მარეგულირებელი ორგანოს დოკუმენტაციის მიხედვით, Nasdaq-ის ბირჟაზე, დეპოზიტარული ხელწერილების სახით, 17.79 მილიონი ახალი აქცია გაიყიდება. ფასების დიაპაზონი სეულის საფონდო ბირჟაზე არსებული ნიშნულის მიხედვით დადგინდება, ხოლო საბოლოო ფასი ხუთშაბათს განისაზღვრება, რის შემდეგაც, პარასკევს, ვაჭრობა ოფიციალურად დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, მოზიდული კაპიტალი სამხრეთ კორეაში ახალი ქარხნების მშენებლობასა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის, მათ შორის ნიდერლანდური ASML-ის ულტრაიისფერი სკანერების შესყიდვას მოხმარდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს გარიგება ისტორიაში რიგით მეორე უმსხვილესი აქციების გაყიდვა იქნება გასულ თვეში SpaceX-ის მიერ განხორციელებული რეკორდული, $85.7-მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ, რითაც SK Hynix-ის დებიუტი გაუსწრებს Saudi Aramco-ს და Alibaba-ს ისტორიულ მაჩვენებლებს.
შეგახსენებთ, რომ SK Hynix-ი წარმოადგენს მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპების უმსხვილეს მომწოდებელს და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $1.1 ტრილიონს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 700%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























