სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, SK Hynix-მა, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა, რაც 2026 წლის განმავლობაში უოლ-სტრიტზე კომპანიის აქციების განთავსებას ისახავს მიზნად. ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე არსებული უპრეცედენტო მოთხოვნის ფონზე, მეხსიერების ბარათების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი დამატებითი კაპიტალის მოზიდვასა და საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ემისიის ზუსტი მოცულობა და განრიგი ჯერჯერობით უცნობია, კომპანია ამერიკული დეპოზიტული ხელწერილების გამოშვებას აპირებს.
სამხრეთკორეული მედია ვარაუდობს, რომ SK Hynix-ი ბაზრიდან $6.7-დან $10 მილიარდამდე თანხის მოზიდვას გეგმავს. პარალელურად, კომპანიამ უკვე დააანონსა $7.97 მილიარდი დოლარის ღირებულების უახლესი დანადგარების შესყიდვა ჰოლანდიური ASML-ისგან, რაც ჩიპების წარმოების სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს ერთჯერად შეკვეთად უკვე შეფასდა. აღსანიშნავია, რომ მაღალი გამტარობის მეხსიერების ჩიპებზე დეფიციტმა გლობალურ ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ეს კი კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.
შეგახსენებთ, რომ SK Hynix-ის აქციების ფასი სეულის ბირჟაზე მიმდინარე წელს უკვე 60%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ, 2025 წელს ზრდამ რეკორდული 274% შეადგინა. ცნობისთვის, კომპანია ბაზრის ისეთ გიგანტებთან ერთად ოპერირებს, როგორებიც Micron-ი და Samsung-ი არიან. იმ კომპანიებთან, რომლებიც AI ბუმის საპასუხოდ წარმოების გაფართოებას ასევე აქტიურად ცდილობენ.


























