მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სხვა პროდუქტები გაძვირდება, ან ძველი ფასდაკლებები ახლად შეიფუთება - ეკონომისტი "საოჯახო კალათაზე"

სურსათი

ეკონომისტი გოგა ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული „სოციალური თუ საოჯახო კალათის“ ინიციატივა პოპულიზმია და მომხმარებელი მისგან რეალურ შეღავათს ვერ იგრძნობს. მისი განმარტებით, საცალო ქსელები პირველადი მოხმარების პროდუქტებს ისედაც მინიმალური მარჟით ყიდდნენ, ახალი რეგულაციები კი ან სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს, ან უბრალოდ უკვე არსებული ფასდაკლებების ახალ შეფუთვაში წარმოდგენით დასრულდება.

ამ საკითხზე ეკონომისტმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა. გოგა ხიშტოვანი აანალიზებს, თუ რატომ ვერ იქნება კმაყოფილი მომხმარებელი საბოლოო ჯამში.

„ სხდომებს, შეიძლება სამწუხაროდ კომისიის წევრებისთვის და სტუმრებისთვის, ჩვენც ვუსმენდით და ვიცით, რომ ფაქტობრივად ყველამ თქვა: ძირითად პროდუქციაზე კომპანიები ისედაც მუშაობენ ყველაზე დაბალ ან უარყოფით მარჟებზე და ამ დანაკლისს აბალანსებენ სხვა პროდუქტებზე გაზრდილი მარჟებით.

შესაბამისად, როდესაც ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს კომპანიები შექმნიან რაღაც სოციალურ ან საოჯახო კალათას, რეალურად, ბიზნესმოდელიდან გამომდინარე და კონკურენციის პირობებში, მათ უკვე ჰქონდათ მსგავსი კალათები შექმნილი.

მაგალითად, ავიღოთ წიწიბურა და ბრინჯი. თუ ვამბობთ, რომ ეს იქნება საოჯახო ან სოციალური კალათის ნაწილი ეს პროდუქტები უკვე იყო ასეთი კალათის ნაწილი, რადგან მათი იაფი ფასი იყო წინაპირობა იმისა, რომ, პირობითად, „ორი ნაბიჯი“ მომხმარებელს წაართმევდა „ნიკორას““.

ხიშტოვანის პროგნოზით, არსებული საბაზრო რეალობიდან გამომდინარე, პროცესები მხოლოდ ორი სცენარით შეიძლება განვითარდეს, თუმცა მომხმარებლის ჯამური დანახარჯი მაინც არ შემცირდება.

„შესაბამისად, ახლა რეალურად ორი სცენარია, ან კომპანიებს კიდევ უფრო მეტ უარყოფით მარჟაზე მოუწევთ მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ სხვა პროდუქტებზე მომხმარებელს ფასი გაუძვირდება.

ან მეორე სცენარი უბრალოდ, შეიფუთება უკვე არსებული საოჯახო კალათა, როგორც ახალი საოჯახო კალათა და თითოეულ პროდუქტს ექნება წარწერა, რომ ეს არის სოციალური პაკეტის ნაწილი. შესაბამისად, მაგალითად, 7.50 ლარად იყიდება და ეს თითქოს მათი დამსახურებაა.

მაგრამ რეალურად ამას ვერ მოატყუებ მომხმარებელს. შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ვინმემ იფიქროს, რომ ასეა, მაგრამ როდესაც საბოლოოდ ადამიანები საკუთარ ხარჯებს შეხედავენ, აღმოჩნდება, რომ ეს საოჯახო პაკეტი ისედაც არსებობდა. ადამიანები ისედაც დადიოდნენ ერთი სუპერმარკეტიდან მეორეში, რათა ყველაზე იაფი პროდუქტი ეყიდათ, რომელზეც იმ მომენტში ფასდაკლება იყო.

ამიტომ, ვერც ეს საჯაროობა და ვერც ეს პროცესი, ჩემი აზრით, ვერ იმუშავებს ეს უფრო თავის მოტყუების ნაწილია, რომლითაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, მომხმარებელი დააჯეროს“.

გადაცემაში ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფუნდამენტურ გამოწვევაზეც, რომელიც ბაზრის სტრუქტურულ ცვლილებებს და მსხვილი მოთამაშეების მიერ სადისტრიბუციო ჯაჭვის ჩანაცვლებას უკავშირდება.

„რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, აქ არის მთავარი საკითხი, რაზეც, ფაქტობრივად, არავინ ლაპარაკობს. მთავარი გამოწვევა, რაც დაფიქსირდა და არის ის, რომ დისტრიბუტორები და საცალო ვაჭრობის ობიექტები ერთმანეთთან ისეთ ურთიერთობაში არიან, სადაც ერთ-ერთი მოთამაშე ზედმეტი ხდება.

შესაბამისად, როდესაც ლოგისტიკურ ცენტრებზე იწყება საუბარი, რეალურად იგულისხმება ის, რომ საცალო ვაჭრობის ობიექტებმა თავად უნდა დაიწყონ იმპორტირებული პროდუქციის შემოტანა, მოაქციონ ის ერთ ლოგისტიკურ ცენტრში და ამით გაიაფონ წარმოება.

იგივე ეხება მწარმოებლებსაც. ნაცვლად იმისა, რომ პროდუქტი სხვა მწარმოებლისგან შეისყიდონ, თვითონ უნდა დაიწყონ წარმოება, რაც უკვე ხდება კიდეც. მაგალითად, „ნიკორა“ ძალიან ბევრ პროდუქტს თავად აწარმოებს.

ანუ სინამდვილეში, ეს ლოგისტიკური ცენტრები ნიშნავს ბაზრის კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას. ბაზრის კონცენტრაცია კი ნიშნავს, რომ რომელიმე მოთამაშე ამ თამაშიდან უნდა ამოვარდეს.

ეს ნიშნავს, რომ ან დისტრიბუტორებმა უნდა დაიწყონ მარკეტების გახსნა, რაზეც ისინიც ფიქრობენ და ამით მოიპოვონ ბაზრის წილი, ან სუპერმარკეტებმა უნდა დაიწყონ წარმოება და იმპორტი, რათა დისტრიბუტორები ჩაანაცვლონ. სინამდვილეში, საუბარი სწორედ ამაზეა.

ამის წახალისება, ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო და კონკრეტული იდეებიც შეიძლება გაგიზიაროთ, თუ დრო გვექნება მომავალში, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მაგრამ ეს ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა ბაზარზე თამაშის წესების თვალსაზრისით.

შესაბამისად, ამ ფორმით დაწყებული პროცესის სუსის ჩართულობით და ასე შემდეგ მართვის რესურსი „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნდა. ამიტომ ახლა უკან იხევს და ამ უკან დახევის პროცესში ცდილობს, სახე ისე შეინარჩუნოს, რომ უფრო რადიკალური ზომების მიღება აღარ მოუწიოს“ - განაცხადა ხიშტოვანმა "ანალიტიკაში".

საქმე ისაა, რომ გასული წლის ბოლოს სუს-მა სურსათის ფასების საკითხი დეტალური შესწავლა დაიწყო. „ფასების კომისიის“ შექმნას და ასევე, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის ვიდეო-განცხადება, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები „გადაჭარბებული ფასნამატით“ მუშაობდნენ. მეტიც, კომპანიებს შორის კარტელური გარიგებების არსებობაც არ გამორიცხა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი, რათა დაედგინათ, ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. თუმცა, "ფასების საპარლამენტო კომისიის" დასკვნის შემდეგ სუსის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ 8 მაისს განაცხადა, რომ ფასწარმოქმნის მოკვლევაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა ჯერ მზად არაა, რადგან ექსპერტიზას დიდი დრო სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები