„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებლის ბაკურ სულაკაურის აზრით, „სკოლა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების ადგილი არ არის“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ჟურნალისტმა ბაკურ სულაკაურს ჰკითხა - რით ამაყობენ და როგორ ზომავენ შედეგებს „მწვანე სკოლაში“. კითხვის იდეა „მწვანე სკოლის“ მოსწავლის ერთ-ერთ მშობელს ეკუთვნის, რომელიც დაინტერესდა, მაგალითად, როგორია „მწვანე სკოლის“ კურსდამთავრებულების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მაჩვენებელი.
„[ჩვენი მოსწავლეები] ძალიან კარგ უნივერსიტეტებში აგრძელებენ ხოლმე სწავლას, მაგრამ მარტო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება არაფერს არ ნიშნავს, რადგან შეიძლება, უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელოს, თუმცა ფართო პერსპექტივაში არც არაფერი არ მოხდეს. მთავარია, როგორი ადამიანი ჩამოყალიბდება, იქნება თუ არა ბედნიერი...“, - ამბობს ბაკურ სულაკაური.
„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა სკოლის ხედვაზე და ასევე, რა კრიტერიუმების აფასებენ საკუთარ შედეგებს.
„ძალიან საინტერესო, კომპლექსური და რთული კითხვაა, რომელსაც მრავალგვარი პასუხი აქვს. ჩაბარების და სწავლის გაგრძელების მაჩვენებელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი, რადგან სკოლა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების ადგილი არაა. სკოლა არის ადგილი, სადაც ყალიბდება ან უნდა ყალიბდებოდეს ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები; ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ბუნებრივია, აკადემიურ მხარესთან ერთად.
როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეფასება ანუ რა კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს?! არის ორი კრიტერიუმი: ერთი არის სუბიექტური, მეორე არის ობიექტური. სუბიექტური კრიტერიუმი ჩემთვის არის ატმოსფერო, რომელიც სკოლაშია გამეფებული, თუმცა სხვადასხვა საფეხურზე ეს ატმოსფერო სხვადასხვაა; მაგალითად, ხომ არ შეიძლება ფრესკულის ბავშვი დასვა მერხთან და ასწავლო იმ მეთოდით, როგორც დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სწავლობენ - ის უნდა თამაშობდეს, თამაშით უნდა შეიმეცნებდეს. შესაბამისად, მაგ ასაკობრივ კატეგორიაში შეფასება იმისა, თუ როგორია სკოლა, სხვაგვარია ანუ დაწყებით კლასებში სხვაგვარია, ზედა საფეხურზე აბსოლუტურად სხვაგვარია და სხვადასხვა ელემენტებით ფასდება.
ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს ერთი უნივერსალური სასწავლო გეგმა, რომელსაც 5000 ბავშვს მოვარგებთ. პირიქით, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, ისეთი სიტუაცია, სადაც შეძლებისდაგვარად სწავლება ინდივიდუალიზებული იქნება. ბუნებრივია, სკოლაში სწავლების აბსოლუტური ინდივიდუალიზება შეუძლებელია, რადგან მაშინ თითოეულ ბავშვს თითო მასწავლებელი უნდა ჰყავდეს, რაც შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, ისეთი სასწავლო სტრუქტურების შემოტანა, რომელიც შეძლებისდაგვარად მოარგებს ბავშვს კურიკულუმს მოარგებს ბავშვს; ანუ ყურადღების ფოკუსში უნდა იყოს ბავშვი და არა ეროვნული სასწავლო გეგმა იმ გაგებით, რომ ყველაფერი მას მოერგოს, პირიქით, ყველაფერი ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული - როგორც გარემო, ისე სასწავლო გეგმა ბავშვის ბუნებრივი ზრდის რიტმს უნდა შეესაბამებოდეს“, - განაცხადა ბაკურ სულაკაურმა და იქვე დასძინა, რომ სკოლაში გარემოს ხარისხს ზომავენ იმით, რამდენად მოტივირებულია, ცნობისმოყვარეა ბავშვი და რამდენად უხარია სკოლაში სიარული.
ცნობისთვის, „მწვანე სკოლაში" სწავლის წლიური საფასური 8000 ლარის ფარგლებშია. ოთხივე კამპუსის მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, დაახლოებით, 5000-ია, მასწავლებელთა რაოდენობა - 500-მდე, ხოლო თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა 760-ზე მეტი. ბაკურ სულაკაურის თქმით, ეს მონაცემები მზარდია - მაგალითად, საშუალოდ ყოველწლიურად "მწვანე სკოლის" მოსწავლეთა რაოდენობა 500-700-ით იზრდება.




























