მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სკოლადამთავრებულებს Software-ის შექმნის შესაძლებლობა აქვთ" - როგორ ვითარდება უზბეკეთში IT-სექტორი?

აიტი პარკ

2023 წელს, უზბეკეთიდან IT-სერვისების ექსპორტმა 344 მილიონ დოლარს მიაღწია. ჯამში, IT სექტორში შემოსავალი კი 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" უზბეკეთის IT Park-ის გენერალურმა დირექტორმა, ფარხად იბრაგიმოვმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, უცხოურ IT-კომპანიებს უზბეკეთში ნულოვანი გადასახადის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა აქვთ.

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი კომპანია, რომელიც ჩვეულებრივ ოპერირებს, არავითარ გადასახადს არ იხდის? არ აქვს მნიშვნელობა, უცხოური კომპანია ხარ, რომელიც ადგილობრივ სპეციალისტებს ქირაობს, თუ სხვა, თუ ოფისი უზბეკეთში გაქვს რეგისტრირებული, თუ შენი კომპანია IT პარკშია რეგისტრირებული, რაც არ გულისხმობს რომელიმე კონკრეტულ სივრცეს ან არეალს, ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირდები ონლაინ და შეგიძლია უზბეკეთის ნებისმიერი წერტილიდან იმუშაო, მაშინ შენი შემოსავალი 0%-ით იბეგრება, არ გაქვს არავითარი საგადასახადო ვალდებულება. ერთადერთი, რისი გადახდაც გიწევს პირადი შემოსავლის გადასახადია, მაგრამ ისიც კი, უზბეკეთში თუ 12%-ია, IT Park-ში 7,5%-ია. რატომ? პენსიის გამო. დასაქმებულებისთვის ეს საპენსიო გადასახადია. დანარჩენი ყველაფერი ნულის ტოლია", - განაცხადა ფარხად იბრაგიმოვმა.

მისივე თქმით, როდესაც IT სექტორის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ის მხოლოდ ნულოვან გადასახადებს არ მოიაზრებს და მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურასაც.

"ამჟამად ინფრასტრუქტურაზე ვართ კონცენტრირებული და მნიშვნელოვანია, რომ უზბეკეთი ჯერ ისევ განვითარებადი ქვეყანაა, ჩვენი მშპ 90 მილიარდია, მაგრამ თუ სხვა განვითარებად ქვეყნებს შევადარებთ, ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სკოლა, 100%-ით დაფარულია ხარისხიანი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რაზეც ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ 2017 წლიდან, უზარმაზარი ინვესტიციები ჩავდეთ ინფრასტრუქტურაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ყველგან - უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებში, ჩვენ უკვე გვაქვს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, სოფლებშიც კი.

გარდა ამისა, თუ IT კომპანიას დედაქალაქ ტაშკენტის გარეთ დაფუძნება სურთ, ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია. დედაქალაქის გარეთ მუშაობისთვის საოფისე სივრცეებსა და ინტერნეტს იღებ, მაგრამ ინტერნეტი ოპერატორებისგან მოდის, რომელთა სერვისებსაც მთავრობა ქირაობს. საბჭოთა დროში, თუ გახსოვთ, ა-ტე-ესს ვეძახდით, უდიდესი ზომის ტექნიკას, რომელთა საჭიროებაც აღარ არსებობს. დსთ-ს ქვეყნებში ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცე გაჩნდა, არა მხოლოდ უზბეკეთში. ჩვენ ამ შენობებში ახალ ოფისებს ვაშენებთ, ვდებთ ინვესტიციას ამ სივრცეების შესაცვლელად და ტელეკომს ოფისებით ვამარაგებთ. ეს ნიშნავს, რომ მათ ოფისი უზბეკეთის ნებისმიერ რაიონში აქვთ. უზბეკეთში 205 რაიონია, თითოეულში მსგავსი ოფისი გვაქვს მოწყობილი. 205-ვე მათგანი კი დაკავებულია და მათგან 190 ტაშკენტის გარეთაა", - აღნიშნა უზბეკეთის IT Park-ის გენერალურმა დირექტორმა "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში და დასძინა, რომ 2017 წლიდან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ინტერნეტიზაციის გარდა, სასკოლო განათლებაში ინფორმატიკის სწავლების კუთხითაც.

მისივე თქმით, ინფორმატიკის კლასები პროგრამული უზრუნველყოფის კლასებად იქცა. "ეს ნიშნავს, რომ სკოლადამთავრებულებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შექმნან Software-ი", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები