უზბეკეთი მსოფლიოში სერვისების პროვაიდერი ქვეყანა ხდება, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" უზბეკეთის IT Park-ის გენერალურმა დირექტორმა, ფარხად იბრაგიმოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ IT მიმართულებას, არამედ ყველა სხვა შესაძლო მომსახურებას, იქნება ეს საკონსულტაციო, სადაზღვევო, სამედიცინო თუ სხვა -"ყველაფერი, რაც მობილურით ან ინტერნეტით შეიძლება, რომ გაყიდო, უზბეკეთში მოიყრის თავს", - აღნიშნა იბრაგიმოვმა.
მან იმ უპირატესობებზეც ისაუბრა, რასაც უზბეკეთი უცხოურ კომპანიებს სთავაზობს.
"თუ სხვა განვითარებად ეკონომიკებს შევადარებთ, ხარჯები უზბეკეთში გაცილებით დაბალია, მათ შორის ხელფასების კუთხითაც, ყველაფრით… მნიშვნელოვანია ისიც, რომ უზბეკეთში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ახალი ტალანტების არჩევანი...
თუ უცხოური კომპანია ხარ და უზბეკეთში ჩამოხვალ ოპერირებისთვის, შენი ხარჯი ნულოვანი იქნება. კომპანიებს ოფისით მთავრობა უზრუნველყოფს, ქირა კი ერთი წლის მანძილზე უფასოა, ნებისმიერ სივრცეში.
ინვესტიცია, რომელიც ტექნიკის, ავეჯის თუ კომპიუტერების შეძენას სჭირდება, IT პარკის მიერ იქნება გამოყოფილი, ჩვენ მიერ 100%-ით. თუ ერთი წლის შემდეგ ჩათვლით, რომ უზბეკეთით კმაყოფილი არ ხართ, არ თვლით, რომ კვალიფიციური თანამშრომლები გყავთ და ა.შ, შენ უფლება გაქვს, გახვიდე უზბეკეთიდან ყოველგვარი გართულების გარეშე. მაგრამ თუ აღმოაჩენ, რომ უზბეკეთი შენთვის მისაღები ბაზარია, მხოლოდ მაშინ აუნაზღაურებ IT Park-ს კომპიუტერების თუ ავეჯის ხარჯებს. ჩვენ ვიღებთ ამ რისკს და მას ნულოვან რისკს ვუწოდებთ", - განაცხადა უზბეკეთის IT Park-ის გენერალურმა დირექტორმა, ფარხად იბრაგიმოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ იწვევს ქართულ კომპანიებს, უზბეკეთში, ქვეყნის შიგნით და მისი გავლით, ახალი მომხმარებლის მოსაზიდად.
"საქართველო ევროპასთან უფრო ახლოსაა, დასავლეთიდან კი ბევრი კომპანიაა, რომლებსაც თავიანთი ოფისები აქ აქვთ გახსნილი, მაგრამ ძირითადად ქართულ კომპანიებზე ვკონცენტრირდები და ვიტყვი, რომ მათი მომხმარებელთა უმრავლესობა დსთ-ს ბაზრებიდანაა. თუ მათ თავიანთი ბიზნესის გაფართოება სურთ, შეუძლიათ უზბეკეთში ჩამოვიდნენ და, მისი გავლით, სერვისები ახალ კლიენტებს გაუზიარონ. დსთ-ს ბაზარი ძალიან დიდია, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს საუდის არაბეთთანაც, გაერთიანებულ საამიროებთან, კატართან - კარგი კავშირები გვაქვს, ბევრი ამერიკული კომპანია შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას სერვისებს უზბეკეთის გავლით აწვდის. საქართველოს მსგავსად, ჩვენც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვართ, მაგრამ ტევადობა უზბეკეთში გაცილებით მაღალი და იაფია. ამიტომ, ქართულ კომპანიებს ვიწვევთ, გამოიყენონ ჩვენი ბაზარი უზბეკეთის შიგნით და მისი გავლით, ახალი მომხმარებლის მოსაზიდად", - განაცხადა იბრაგიმოვმა გადაცემა "ბიზნესის კვირეულში".
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ჯამში, უზბეკეთის IT სექტორში, შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს აღემატება.