"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალი წლიდან პირველ კლასში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებს ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
ცვლილება ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება 6 წლამდე ასაკის ბავშვების სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირების პრობლემამ განაპირობა.
„გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება“, - განაცხადა მიქანაძემ.
მანვე განმარტა, რომ ახალი წესი უკავშირდება იმ მიზნებსაც, რომლებიც სამინისტროს 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადასვლასთან დაკავშირებით აქვს.
მინისტრის განცხადებით, შემდეგი წლიდან და ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის ბარიერი იქნება: 6 წლის ასაკი, რომელიც მოსწავლეს15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიღების ასაკის შესახებ დისკუსია წლებია გრძელდება. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მცირე ასაკში სასკოლო გარემოში შესვლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.




























