მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლაში შესაძლოა ახალი კადრი გაჩნდეს - ვინ იქნება მასწავლებლის ასისტენტი

5daeb65d979f0
ლევან თაღიაშვილი
23.10.19 09:45
2262
სტუდენტებმა შესაძლოა მასწავლებლის ასისტენტად შეძლონ მუშაობა. არსებულ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება და დამტკიცების შემთხვევაში, პირველ ნაკადს სკოლა უკვე გაზაფხულზე მიიღებს. სტაჟირება 2 წელიწადს გასტანს. რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, პარლამენტარის თქმით, ეს თემა, ჯერჯერობით, განხილვის საგანია. შესაძლოა, სკოლის ბიუჯეტის ხარჯზე ასისტენტ სტუდენტებს მცირე შემოსავლის მიღების შესაძლებლობაც გაუჩნდეთ.

„ანაზღაურების თემა დღემდე ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს. სერიოზულად განვიხილავთ, რომ თუნდაც მინიმალური ანაზღაურება იყოს გათვალისწინებული და განათლების უწყებამ თავად დაადგინოს წესი და კონკრეტული სკოლის ბაზაზე მიიღონ გადაწყვეტილება, თუმცა ანაზღაურება ვერ იქნება მაღალი“, - ამბობს ჯაში.

მისივე თქმით, სტუდენტები ადმინისტრაციული თუ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას და  პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას შეძლებენ.

„სტუდენტი ან კურსდამთავრებული პედაგოგს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში დაეხმარება. ჩვენ სისტემაში გავაჩენთ ახალგაზრდა კადრებს, რომლებიც იქნებიან მოტივირებულნი - ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში. მათ შეეძლებათ სამუშაო გამოცდილების დაგროვება, რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისთვის“, - განაცხადა მან.

კანონპროექტის მიხედვით, დაწყებით კლასებში ნებისმიერი პროფესიის სტუდენტს შეეძლება ასისტენტობა, მაღალ კლასებში კი, შესაბამისი მიმართულებების მიხედვით მოხდება განაწილება. იმისათვის რომ სტუდენტებმა შეძლონ პროგრამაში მონაწილეობა, მათ გავლილი უნდა ჰქონდეთ 180 კრედიტის რაოდენობის საგნები. პარლამენტს კანონპროექტი, სავარაუდოდ, ნოემბერში წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები